Shelby GT500 Code Red-ი 402 მეტრს 8.59 წამში ფარავს
ამერიკული „მასლქარი“ Rimac-ისა და Pininfarina-ს ელექტრო ჰიპერავტომობილებს მნიშვნელოვნად არ ჩამორჩება.
Lucid Air Sapphire-ი, Dodge Challenger SRT Demon 170, Rimac Nevera და Pininfarina Battista ის სერიული ავტომობილებია, რომლებიც მეოთხედ მილს (402 მეტრს) 9 წამზე ნაკლებ დროში ფარავს. ახლა კი ამ ჩამონათვალს Shelby-ის პროდუქტიც შეემატა. მიუხედავად იმისა, რომ ეს მანქანა სერიულად არ იწარმოება, ამერიკულმა კომპანიამ 30 ასეთი მოდელის შექმნა გადაწყვიტა.
Shelby GT500 Code Red-ის გამოსვლიდან რამდენიმე წელია გასული. თუმცა, მისი შესაძლებლობების ნახვის შანსი მხოლოდ ახლა მოგვეცა. დრაგის ტრასაზე ტესტირებებისას მანქანამ მეოთხედი მილი 8.59 წამში დაფარა. ფინიშის ხაზი კი 259 კმ/სთ-ით გადაკვეთა. როგორ ააწყო Shelby-მ ასეთი სწრაფი Mustang-ი?
კომპანიამ სტანდარტული Ford Shelby GT500-ის 5.2-ლიტრიანი V8 ძრავას კომპრესორი მოხსნა. შემდეგ კი მას ორი ტურბინა დაუწყვილა. შედეგად, მანქანა 1 000 ცხენის ძალასა და 1 058 ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებს. E85 ეთანოლზე ეს მონაცემები 1 300 ცხენის ძალამდე და 1 356 ნიუტონ მეტრამდეც იზრდება. ძრავა Manley-ისა და ARP-ის შიდა დეტალებს მალავს. მთლიანი სისტემა კი MoTec-ით იმართება.
თუ Dodge-ს დავუჯერებთ, Demon 170-მა 402 მეტრი 8.91 წამში დაფარა. თუმცა, ამ ფაქტის დამადასტურებელი ვიდეო არ გასაჯაროებულა. კერძო ტესტებში მფლობელები ამბობენ, რომ ამ მანძილის 9.4 წამზე სწრაფად დაფარვა თითქმის შეუძლებელია.