Aa Aa
5 სექტემბერი 2024  |  12:59

პოლიციამ ნარკოტიკებით სავსე Tesla-ს მძინარე მძღოლი დააკავა

წლების განმავლობაში მრავალი შემთხვევა გვინახავს, თუ როგორ სძინებიათ მძღოლებს Tesla-ს საჭესთან - მხოლოდ ჩართული ავტოპილოტის, ან სრულად თვითმართვადი სისტემის იმედად. ისეთი შემთხვევებიც გვახსოვს, როდესაც მძღოლი მგზავრის სავარძელში მჯდარა და მანქანა ტრასაზე დამოუკიდებლად გადაადგილდებოდა. თუმცა ეს შემთხვევა, ყველა დანარჩენისგან, გამორჩეულია. 

CBS News-ის თანახმად, შეტყობინება ჩრდილოეთ კაროლინის ერთ-ერთი ოლქის დეპარტამენტში შევიდა. თვითმხილველის მტკიცებით, გზატკეცილზე გადაადგილდებოდა Tesla, რომლის მძღოლსაც საჭესთან ეძინა. სამართალდამცავები ერთი მილის (1.6 კილომეტრის) მანძილზე ცდილობდნენ მძღოლის გამოფხიზლებას, რათა მას მანქანა გზატკეცილიდან თავად გადაეყვანა, თუმცა უშედეგოდ.

ამის შემდგომ, Tesla-ს წინ სამართალდამცავებმა მათი ერთი გუნდი განათავსეს ისე, რომ ელექტრომობილის ავტომატურ მართვის სისტემას (უცნობია იყო ეს ავტოპილოტი თუ სრული თვითმართვა) ჯერ სვლა შეენელებინა, შემდეგ კი საბოლოოდ გაჩერებულიყო. თუმცა ეს კვლავ ისტორიის მხოლოდ მცირე ნაწილია. 

მას შემდეგ რაც სამართალდამცავებმა Tesla შეაჩერეს, მძღოლი გამოაფხიზლეს და ის, სტანდარტულად, ალკო ტესტზე შეამოწმეს. მანქანის დათვალიერებისას კი ელექტრონული სიგარეტის ათეულობით შეფუთვა აღმოაჩინეს, სადაც ე.წ. „ვეიპის“ ნაცვლად $100 000-ის ღირებულების ნარკოტიკები დახვდათ. 

მომხდართან დაკავშირებით განცხადება ადგილობრივი სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებმა გააკეთეს. მათი შეფასებით, მსგავს საქმეებთან დაკავშირებით, ყოველთვის გგონია რომ კიდევ რამე ახალს ვეღარ ნახავ. მაგრამ რეალურად, ასე არასდროს არ ხდება. 

ცნობისთვის, Tesla-ს ავტოპილოტი მძღოლს ავალდებულებს პერიოდულად საჭეს შეეხოს, რათა სისტემა დარწმუნდეს, რომ მძღოლი კვლავ ფხიზლადაა. შემდეგ სისტემა ხმოვან სიგნალს გამოსცემს და თუ ესეც არ მუშაობს, გამაფრთხილებელ სინათლეს რთავს. ამ შემთხვევაში ნარკოდილერს შესაძლოა საჭე ერთი ხელით ეჭირა, რითაც სისტემის „შეცდომაში შეყვანა“ მოახერხა. 

გაზიარება: