VW-ის ხელმძღვანელი: „ბრენდის გადასარჩენად ორი წელი გვაქვს“
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ გერმანული ავტომწარმოებელი Volkswagen-ი, კომპანიის არსებობის ისტორიაში პირველად, თავისივე ქვეყანაში ქარხნების დახურვას განიხილავს. მიზეზად ეკონომიკური ფაქტორები, მათ შორის მანქანების დამზადებისა და მიწოდების ხარჯების ზრდა სახელდება. ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა კი ევროკავშირის ბაზარზე ჩინური წარმოების ავტომობილებზე მოთხოვნის ზრდაა. დაბალი ხარისხის მიუხედავად, მომხმარებლები ჩინურ მოდელებს უპირატესობას მისი დაბალი ფასის გამო ანიჭებენ.
Volkswagen-ის განცხადებას მალევე მოჰყვა შეფასებები როგორც დარგის ექსპერტების მხრიდან, ასევე კრიტიკაც - უმეტესად გერმანიის პროფკავშირებისგან. საქმე იმაშია, რომ ქარხნების დახურვით, ავტომწარმოებელი „სამუშაო ადგილების დაცვის პროგრამასაც“ დაარღვევს, რომელიც ძალაში 1994 წელს შევიდა და VW-ის ავალდებულებს - კომპანიაში დასაქმებული პერსონალის შემცირებისგან 2029 წლამდე თავი შეიკავოს. შედეგად, გერმანიაში ქარხნების დახურვა მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს ქვეყნის ეკონომიკასა და სამუშაო ბაზარზე.
Volkswagen-ის გუნდში არსებულ მძიმე სიტუაციასთან დაკავშირებით, დასაქმებულებს კომპანიის ფინანსური ხელმძღვანელი არნო ანტლიცი გაესაუბრა. ამ ეტაპზე, ხარჯების შემცირების მიზნით, ავტომწარმოებელი გერმანიაში მდებარე ორი ქარხნის დახურვას განიხილავს. შეხვედრას ანტლიცთან ერთად Volkswagen-ის აღმსრულებელი დირექტორი ოლივერ ბლუმი და კომპანიის ასობით დასაქმებული ესწრებოდნენ. როგორც პერსონალთან ანტლიცმა განაცხადა, კომპანიას შესაძლოა მხოლოდ ერთი ან ორი წელი ჰქონდეს მთავარი ბრენდის გადასარჩენად.
ანტლიცმა დამსწრეებს აუხსნა, რომ ევროპული ავტომობილების ბაზარი პანდემიის შემდეგ განსაკუთრებით შემცირდა და ნაკლებად სავარაუდოა, რომ უახლოეს მომავალში, კოვიდამდელ მდგომარეობას დაუბრუნდება. მისივე თქმით, მოთხოვნის ვარდნა მიანიშნებს, რომ მომდევნო წელს VW-ი, სავარაუდოდ, 500 ათასი მანქანით ნაკლებს გაყიდის, სტაბილურობის შესანარჩუნებლად კი კომპანია ხარჯების შემცირების აუცილებლობის წინაშე დგას.
The Guardian-ის ინფორმაციით, ქარხნების შესაძლო დახურვის შესახებ დასაქმებულ პერსონალს კვირის დასაწყისში ეცნობა. Volkswagen-ი ამჟამად ორი ქარხნის დახურვას განიხილავს, აქედან ერთი მანქანების საწარმოო ობიექტია, ერთიც ავტონაწილების ქარხანა.
როგორც გითხარით, გერმანული ავტომწარმოებელი ხშირად ხაზს უსვამს ჩინური წარმოების მანქანების იმპორტით, ბაზარზე გაზრდილ კონკურენციასაც. ევროკავშირი ბოლო რამდენიმე წელია აქტიურად ცდილობს დაიცვას ადგილობრივი წარმოება ჩინური კომპანიებისგან - მათ შორის ჩინეთში წარმოებული ავტომობილების იმპორტზე ტარიფების გაზრდით. ამის მიუხედავად, ჩინური ავტომობილები ბაზარზე პოპულარობის შენარჩუნებას კვლავ ახერხებენ.