ჯერემი კლარკსონი, Top Gear, ჯეიმს მეი, რიჩარდ ჰამონდი, Grand Tour
Aa
Aa

The Grand Tour-ი ახალი წამყვანებით გაგრძელდება

„ჩვენ შოუს ვტოვებთ, თუმცა გადაცემა კვლავ გაგრძელდება“, - რიჩარდ ჰამონდი. 

ცნობილი თანაწამყვანებით The Grand Tour-ის დასრულების შესახებ გავრცელებული ხმები გასულ თვეში ოფიციალურად დადასტურდა. ლეგენდარული ტრიო - ჯერემი კლარკსონი, რიჩარდ ჰამონდი და ჯეიმს მეი - ორი ათწლეულის შემდეგ სატელევიზიო პარტნიორობას წყვეტს. ძველი წამყვანებით, ფინალური ეპიზოდი ეთერში 13 სექტემბერს გავა. 

თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ლეგენდარული ტრიოს დასასრული, გადაცემის დასასრულს სულაც არ ნიშნავს. ერთ-ერთ ბრიტანულ გამოცემასთან ჰამონდმა დაადასტურა, რომ მომდევნო სეზონიდან The Grand Tour-ი გაგრძელდება, თუმცა ახლა უკვე შეცვლილი წამყვანებით. 

„ის გაგრძელდება. The Grand Tour-ი გრძელდება. ჩვენ გადაცემას ვტოვებთ, თუმცა Amazon Prime-ი მას გააგრძელებს. მოუთმენლად ველოდები ჩემ სავარძელში მოკალათებას და შოუს დაწყებას. ეს შესანიშნავია“, - განაცხადა ჰამონდმა. 54 წლის ტელეწამყვანის თქმით, ჯერ თავადაც არ იცის თუ ვინ ჩაანაცვლებთ ეთერში მას, მეისა და კლარკსონს, თუმცა ის ვისაც აირჩევენ, ამ საქმის ნამდვილი ენთუზიასტი უნდა იყოს. 

„როდესაც თქვენ გადაცემას აკეთებთ რაიმე თემის შესახებ - არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება კულინარია, ცეკვა თუ მანქანები, მთავარია თქვენ ამ საქმის მიმართ ვნება გაგაჩნდეთ. არ არის აუცილებელი მაყურებლები სიღრმისეულად ერკვეოდნენ მანქანებში იმისთვის, რომ ამ გადაცემით ისიამოვნონ. მთავარია წამყვანებს კარგად ესმოდეთ მათი საქმე და უყვარდეთ, რათა საინტერესო გახადონ ის მაყურებლისთვის“. 

ამჟამად უცვლელია, გააგრძელებენ თუ არა სატელევიზიო საქმიანობას შოუს ლეგენდარული წამყვანები. ამის შესახებ არც ჰამონდს გაუკეთებია კომენტარი: „ამ გადაწყვეტილებას ჩვენ აღარ ვიღებთ. ჩვენ გავაკეთეთ ის შოუ, რომელიც თავადაც ნახეთ. ამჟამად ეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული. თუმცა ჩვენ ყოველთვის მზად ვიქნებით ამ საკითხზე სასაუბროდ“. 

Top Gear-ისა და Grand Tour-ის სამეული თანამშრომლობას 21 წლის შემდეგ დაასრულებს. „ზიმბაბვეს“ ეპიზოდი, სატელევიზიო სივრცეში მათი უკანასკნელი, ერთობლივი გამოჩენა იქნება. კლარკსონს, ჰამონდსა და მეის შორის პარტნიორობის შეწყვეტაზე პირველად ცნობები გასული წლის დეკემბერში გავრცელდა. 

კლარკსონი და ჰამონდი Top Gear-ის თანაწამყვანები 2002 წლიდან არიან, ორი სეზონის შემდეგ კი მათ ჯეიმს მეიც შეუერთდა. Top Gear-ი ბრიტანული ტელევიზია BBC-ზე 13 წლის განმავლობაში გადიოდა, რის შემდეგაც სამეულმა ახალი გადაცემა - The Grand Tour-ი დაიწყო და 2016 წელს Prime Video-ზე გადაინაცვლა.

მსგავსი სიახლეები