Aa Aa
6 სექტემბერი 2024  |  14:31

BMW წყალბადის ახალ მანქანას 2028 წელს გამოუშვებს

რამდენიმე კვირის წინ, დასავლურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ გერმანული ავტომწარმოებელი BMW-ი და იაპონური Toyota Motor-ი, სათბობელემენტიანი ავტომობილების წარმოებისთვის ალიანსის ჩამოყალიბებას განიხილავდნენ. გავრცელებული ხმები დადასტურდა და აღმოჩნდა, რომ BMW-ი ე.წ. „წყალბადის“ ავტომობილს 2028 წელს გამოუშვებს და ამას, სწორედ Toyota-სთან თანამშრომლობით გააკეთებს. 

Toyota ერთ-ერთია იმ ავტომწარმოებლებიდან, რომელიც წყალბადს სამომავლოდ ტრადიციული საწვავის მთავარ შემცვლელად განიხილავს.  სათბობელემენტიანი ავტომობილები, ე.წ. „საწვავის უჯრედების“ ელექტრომობილებია (FCEV). მანქანები ეკოლოგიურად სუფთაა, რის გამოც მისი წარმოება ბევრი კომპანიის გეგმებში შედის. 

იმის გამო, რომ მანქანის გამოსვლამდე ჯერ კიდევ 4 წელია დარჩენილი, გერმანულ ავტომწარმოებელს დეტალების დიდი ნაწილი არ გაუსაჯაროებია. მიუხედავად იმისა, რომ Toyota უკვე წლებია მძღოლებს Mirai-ის წყალბადის მანქანას სთავაზობს, ეს იქნება პირველი ავტომობილი, რომელიც ბაზარზე BMW-ის სახელქვეშ გამოჩნდება. 

ამ ეტაპზე მხოლოდ ის ვიცით, რომ BMW-ის ახალი მოდელი უკვე არსებული პროდუქტის ვერსია იქნება. ავტომწარმოებლის არსებული პროექტი BMW X5-ის წყალბადის პროტოტიპია, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ ახალი ვერსია კომპანიამ კვლავ X5-ის ბაზაზე შექმნას. იმ დროისთვის, როდესაც BMW წყალბადის ავტომობილის გაშვებას გეგმავს, iX5 მოდელი უკვე მოძველებული და ახალი თაობით ჩანაცვლებულიც იქნება. როგორიც არ უნდა იყოს ის, BMW პირობას დებს, რომ მისი „წყალბადის“ ავტომობილიც ერთგული დარჩება მათი ბრენდის მახასიათებლების. 

BMW-ის მომავალი წყალბადის მანქანა სავარაუდოდ დაფუძნებული იქნება შემდეგი თაობის X5-ზე, რომელიც CLAR პლატფორმას გამოიყენებს. ეს პლატფორმა უკვე გვხვდება X5-ის ბენზინის, დიზელისა და plug-in ჰიბრიდულ ვერსიებში. შემდეგი თაობის X5-ის წარმოება, სავარაუდოდ, 2026 წლის ბოლოს დაიწყება - მათ შორის იქნება ბატარეის ელექტრომობილის (BEV) ვერსიებიც. 

BMW წყალბადის ტექნოლოგიაზე 1979 წლიდან მუშაობს. ეს ისტორია ჯერ კიდევ 520h-ით იწყება - მოდელით, რომელშიც შიგაწვის ძრავა იყო ჩამონტაჟებული, თუმცა მოდიფიცირებული ისე, რომ საწვავად წყალბადს იყენებდა. ამის შემდგომ, 2000-იან წლებში, ბაზარზე უკვე V12-ზე მომუშავე მოდელები გამოჩნდა. თუმცა, საბოლოოდ, მაღალი ეფექტიანობის გათვალისწინებით, BMW წყალბადის შიგა წვის ძრავების განვითარებას შეეშვა და მთელი ფოკუსი, წყალბადის საწვავის უჯრედებზე გადაიტანა. 

გაზიარება: