BMW, უკან გაწვევა
Aa
Aa

BMW 720 000-ზე მეტ ავტომობილს უკან გაიწვევს

წყლის ტუმბოსთან დაკავშირებული დეფექტის გამო, გერმანული ავტომწარმოებელი, ამერიკის შეერთებულ შტატებში 720 000-ზე მეტი ავტომობილის უკან გაწვევას გეგმავს. BMW-ის გადაწყვეტილება 2012-დან 2018 წლამდე წარმოების გარკვეულ მოდელებს შეეხება. 

ავტომწარმოებლის ინფორმაციით, არსებულ გეგმაში 720 796 ერთეული ავტომობილის უკან გაწვევაა. გადაწყვეტილების მიზეზად წყლის ტუმბოს ელექტრული შესაერთებელი სახელდება. გაუმართაობამ შესაძლოა მანქანის აალება გამოიწვიოს. უფრო კონკრეტულად კი, წყლის ტუმბოებს ჰერმეტულობის პრობლემა აქვთ, რაც ნიშნავს, რომ ისინი ჰაერს სრულად ვერ ატარებენ. წყლის ტუმბოს ელექტრულ შესაერთებელში, რაღაც დროის შემდეგ, შესაძლოა სითხე დაგროვდეს. სითხის დაგროვების შედეგად კი გაიზრდება როგორც მოკლე ჩართვის, ასევე ყველაზე ცუდ შემთხვევაში მანქანის აალების რისკი. 

BMW-ის ინფორმაციით, გაწვევა შემდეგ მოდელებს შეხება: 2014-2016 წლების მეორე სერიას, 2012-2016 წლების მესამე სერიას, 2014-2016 წლების მეოთხე სერიას, 2012-2016 წლების მეხუთე სერიას, 2012-2015 წლების X1-ს, 2013-2017 წლების X3-ს, 2015-2018 წლების X4-ს, 2016-2018 წლების X5-სა და 2012-2016 წლების Z4-ს.

ავტომწარმოებლის განცხადებით, აღნიშნულ დეფექტთან დაკავშირებით კომპანიაში 18 მომხმარებლის საჩივარი შევიდა. შესაბამისად, კომპანია ამ პრობლემის შესახებ ინფორმაციას უკვე ფლობდა და მუშაობდა. თუმცა, BMW-ის ამ დრომდე არ მიუღია რაიმე სახის შეტყობინება უბედური შემთხვევისა ან დაზიანებების შესახებ.  

სადილერო ვალდებულია უკან გაწვეული მანქანები შეამოწმოს და საჭიროების შემთხვევაში, მათი წყლის ტუმბო ახლით შეცვალოს. ამასთან ერთად, ტუმბოში წყლის გაჟონვის რისკების აღმოსაფხვრელად, სპეციალური მოწყობილობაც დამონტაჟდება. 

მფლობელები მანქანების უკან გაწვევის შესახებ შეტყობინებას სავარაუდოდ ოქტომბრის თვეში მიიღებენ. ამის შემდეგ, ავტომობილები BMW-ის სერვის ცენტრში გადაიგზავნება, სადაც მათ საჭირო მომსახურება სრულად უფასოდ ჩაუტარდებათ. 

მსგავსი სიახლეები