ეს Ford Mustang-ები, მონაცვლეობით, ორ სახლში შევარდნენ
გასულ თვეში, არიზონას შტატში, კერძოდ კი ფენიქსში, Ford Mustang-ის მონაწილეობით, ზედიზედ ორი ავარია ვიხილეთ. მათგან ერთი, რომელიც გასულ კვირაში მოხდა, კინაღამ ფატალურად დასრულდა: Ford Mustang-ის მძღოლი, მისი მანქანით, პირდაპირ ქალაქში მდებარე ერთ-ერთი სახლის მისაღებ ოთახში შევარდა. შემთხვევის დროს მაცხოვრებლები, მათ სამ ძაღლთან ერთად, სწორედ მისაღებ ოთახში იმყოფებოდნენ.
როგორც სახლის სათვალთვალო კამერებში ჩანს, Mustang-ი სახლის კედელს სწორედ მაშინ არღვევს, როდესაც სახლის მფლობელები სადილს ამზადებენ. შეჯახების შედეგად სახლი მნიშვნელოვნად დაზიანდა, თუმცა მფლობელები თითქმის უვნებლად გადარჩნენ. ამჟამად მათ მხოლოდ მცირე მოტეხილობები აღენიშნებათ. შეჯახების სიმძიმის შედეგად, სახლის კედლების უმრავლესობა ან მთლიანად დაინგრა, ან დაზიანდა.
ადგილობრივი მაცხოვრებლების განცხადებით, ეს მათ სამეზობლოში ავარიის პირველი შემთხვევა არაა. მაცხოვრებლები მძღოლების მხრიდან სიჩქარის გადაჭარბების გახშირებულ შემთხვევებზე მიუთითებენ. ბოლო ავარიის სიმძიმიდან გამომდინარე, მაცხოვრებლები იმედოვნებენ, რომ ადგილობრივი ხელისუფლება შესაბამის ზომებს ამ ჯერზე მაინც მიიღებს. მათივე თქმით, ტრასებზე „გზის ბორცვების“ განთავსება მძღოლებს შედარებით დაბალი სიჩქარით გადაადგილებას აიძულებს.
რაც შეეხება Mustang-ის მფლობელს: 18 წლის მძღოლს, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მანქანის მართვის მუხლით ბრალი უკვე წარუდგინეს. სამართალდამცავების განცხადებით, მას ბრალი სხვისი სიცოცხლის საფრთხის ქვეშ ჩაგდებისა და დაზიანებისთვისაც ედება.
თუმცა როგორც ჩანს, Mustang-ებისთვის მსგავსი ტიპის ავარიები უჩვეულო ნამდვილად არაა. გასულ თვეში ბინების კომპლექსს კიდევ ერთი Ford Mustang-ი შეეჯახა. საბედნიეროდ, ამ „შევარდნის“ შედეგადაც არავინ დაშავებულა. მაგრამ მსგავსი შემთხვევების სიხშირე, თანაც ერთი და იმავე ტერიტორიაზე, დაუყოვნებლივი მოქმედების აუცილებლობაზე ნამდვილად მიუთითებს.