BMW, Mercedes-Benz, Mazda, Honda, Toyota, Acura, Lexus, გამოკითხვა
Aa
Aa

ყველაზე სანდო მეორადი ავტომობილები - კვლევა

მეორადი ავტომობილების ბაზარი ზრდას განაგრძობს, მყიდველები კი, ამ შემთხვევაშიც, არჩევანს ბევრად სანდო და გამძლე ავტომობილებზე აკეთებენ. ახალი ანგარიში, რომელსაც Consumer Reports-ი პერიოდულად აქვეყნებს, მძღოლებს გააზრებული არჩევანის გაკეთებაში ეხმარება და ძველ მფლობელებზე დაყრდნობით, ყველაზე სანდო მეორადი ავტომობილების სიას წარუდგენს. 

როგორც წლევანდელ ანგარიშში გამოჩნდა, წლების გასვლასთან ერთად ავტომწარმოებლების ნაწილი მძღოლების გულის მოგებას ახერხებს, თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც რეიტინგში პოზიციებს ვერ იუმჯობესებენ. სანდოობის უახლესი რეიტინგის შესადგენად Consumer Reports-მა 150 000-მდე ავტომობილის მფლობელი გამოჰკითხა. ანგარიშმა 2014-2019 წლებში წარმოებული ავტომობილების პრობლემები გამოიკვლია, საშუალო რიცხვი დაადგინა და ის თითოეული მოდელის მონაცემს შეადარა.

შედეგად, ორგანიზაციამ რამდენიმე ძირითადი ავტომწარმოებელი შეარჩია, რომელთა მიერ 2014-2019 წლებში წარმოებული მოდელები მძღოლებში ყველაზე დიდი სანდოობით სარგებლობდნენ. ანგარიშის მიხედვით, ყველაზე სანდო ავტომობილებს შორის უმეტესად იაპონური ავტომწარმოებლები - მათ შორის Lexus-ი და Toyota დომინირებენ, ხოლო ნაკლებად სანდოდ მძღოლები Chrysler-ის, Dodge-ს, Jeep-ის, Tesla-სა და Ram-ის მოდელებს განიხილავენ. იაპონურ ავტომწარმოებლებს შორის მომხმარებლები Mazda-ს, Acura-სა და Honda-ც ირჩევენ. 

საერთო ჯამში, რეიტინგის პირველი ხუთი პოზიციიდან ხუთივე იაპონურ ავტომწარმოებლებს ეკუთვნით. გერმანელებს კი ათეულში ორი წარმომადგენელი ჰყავთ: BMW და Mercedes-Benz-ი. პირველი და მეორე პოზიციები Lexus-სა და Toyota-ს ეკუთვნით. როგორც ანგარიშის ერთ-ერთი ავტორი აღნიშნავს, ორივე ავტომწარმოებელი მათი „კონსერვატიული რედიზაინითაა ცნობილი“ და მაშინ, როდესაც საავტომობილო ბრენდების დიდი ნაწილი სრულად ახალი სისტემის დანერგვაზე მუშაობს, ისინი მათი არსებული ხაზის გაუმჯობესებაზეც არიან კონცენტრირებულნი. 

ანგარიშში არიან ისეთი ავტომწარმოებლებიც, რომლებიც წლების გასვლასთან ერთად, სანდოობის მოპოვებას მომხმარებელში ვერ ახერხებენ. თუმცა როგორც ანგარიშის ავტორებიც აღნიშნავენ, საერთო სურათის შეხედვის მაგივრად ჯობს თუ მომხმარებელი ინდივიდუალურად მოდელებს შეისწავლის და შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას. 

CR-ის მონაცემებით, გასულ წელს, ამერიკელთა 40% მანქანის ყიდვისას მხოლოდ მეორად ავტომობილს ეძებდა, ხოლო 31% ახალი ავტომობილის ყიდვას გეგმავდა. ორივე ვარიანტს ამერიკელთა 24% განიხილავდა. აქვე საინტერესოა, რომ Consumer Reports-მა ცოტა ხნის წინ კიდევ ერთი ანგარიში გამოაქვეყნა. ამ ანგარიშში, სხვადასხვა სეგმენტში, საუკეთესო მეორად ავტომობილებს შორის  Toyota-ს მოდელები - Corolla Hybrid, RAV4 Hybrid, Tacoma და Mazda-ს CX-9 and MX-5 დასახელდნენ. 

 

მსგავსი სიახლეები