შიგაწვის ძრავა, ევროკავშირი, რეგულაციები, ელექტრომობილები
Aa
Aa

იტალია ევროკავშირის გეგმას, შიგა წვის ძრავების აკრძალვაზე, „აბსურდს“ უწოდებს

მთავრობის წარმომადგენლების განცხადებით, ევროპის ავტომობილების ინდუსტრია დანგრევის რეალური რისკის წინაშე დგას. 

ტექნიკურად, ევროკავშირი, 2035 წლიდან შიგა წვის ძრავაზე მომუშავე ახალი ავტომობილების გაყიდვას არ კრძალავს. თუმცა გამკაცრებული რეგულაციებით აიკრძალება იმ ახალი წარმოების ავტომობილების გაყიდვები, რომლებიც მავნე გამონაბოლქვს გამოყოფენ - რაც ფაქტობრივად იმავეს ნიშნავს. ავტომწარმოებელთა ნაწილმა სამომავლო გეგმები შიგა წვის ძრავების ალტერნატივებს, მათ შორის წყალბადის საწვავზე მომუშავე ძრავებსა და ელექტრომობილებს მოარგო, მაგრამ კრიტიკა, ამ საკითხის მიმართ კვლავ არ წყდება. 

ევროკავშირის მიერ შიგა წვის ძრავებზე მომუშავე ავტომობილების აკრძალვის გადაწყვეტილებაზე კომენტარი იტალიის გარემოს დაცვისა და ენერგეტიკული უსაფრთხოების მინისტრმა გააკეთა. გილბერტო პიჩეტო ფრატინის განცხადებით, კანონი უნდა შეიცვალოს, რადგან ის, როგორც იდეოლოგიური ხედვა, უკვე წარუმატებელია. „გეგმა სრულად აბსურდულია და ევროპას ახლა პრაგმატული ხედვა სჭირდება“, - ციტირებს მინისტრის სიტყვებს Automotive News Europe-ი. 

იტალიის ოფიციალურ პირებს სურთ, რომ ევროკავშირმა, 2035 წლიდან შიგა წვის ძრავებზე მომუშავე ავტომობილების აკრძალვას ვადაზე ადრე გადახედოს. 2026 წლამდე ლოდინის ნაცვლად, იტალიის წარმოებისა და ბიზნესის მინისტრს სურს, რომ რეგულაციები 2025 წლის დასაწყისშივე გადაიხედოს. იდეალურ შემთხვევაში კი ყველაფერი შეიცვალოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მინისტრი მიიჩნევს, რომ ევროპის საავტომობილო ინდუსტრია დანგრევის რეალური რისკის წინაშე დადგება. 

ევროკავშირის 27-ვე წევრ ქვეყანაში ერთობლივად გაყიდვების შეჩერების მაგივრად, პრემიერ მელონის მემარჯვენე მთავრობა ამტკიცებს, რომ გადაწყვეტილების მისაღებად სახელმწიფოებს მეტი თავისუფლება უნდა გააჩნდეთ. მათი შეფასებით, 10-წლიანი ვადის ნაცვლად, შიგა წვიდან ელექტრომობილებზე ეტაპობრივად გადასვლა ბევრად უფრო რეალისტური მიდგომა იქნება. 

უკანასკნელ რამდენიმე თვეში ვიხილეთ თუ როგორ შეიცვალა ევროპული ავტომწარმოებლების EV-მიზნები. თუ თავდაპირველად უმსხვილესი ავტომწარმოებლები ელექტრომობილების მიმართულებით გადაერთნენ და ინვესტიციებიც გაზარდეს, ახლა დარწმუნებულები აღარ არიან, რომ მათი სამომავლო გეგმები მხოლოდ EV-ების წარმოებით შემოიფარგლება. 

ბევრი ქვეყანაც ამცირებს ან საერთოდ ხსნის ელექტრომობილებზე სუბსიდიებს. ამის მიზეზი EV-ებზე მოთხოვნის ზრდის ტემპის შენელებაა. ევროპის ავტომობილების მწარმოებელთა ასოციაციის მონაცემებით, სრულად ელექტრო ავტომობილების წილი, მიმდინარე წლის პირველ ექვს თვეში, მთლიანი ბაზრის 12.5%-ს შეადგენდა. ეს მაჩვენებელი 0.4%-ითაა შემცირებული გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით. 

მსგავსი სიახლეები