Aa Aa
10 სექტემბერი 2024  |  15:29

Hoonigan-მა გაკოტრება ოფიციალურად გამოაცხადა

ლეგენდარულ რალის პილოტ კენ ბლოკის მიერ დაარსებულმა Hoonigan-მა გაკოტრების შესახებ ოფიციალური განაცხადი წარადგინა. თუმცა კომპანიამ განაცხადი Chapter 11-ის ფორმით შეიტანა, რაც ნიშნავს, რომ ორგანიზაცია მის ფინანსურ მდგომარეობას აღიარებს, მაგრამ მოვლენების გამოსწორების იმედით, ოპერირებას განაგრძობს. 

Chapter 11 ამერიკის შეერთებულ შტატებში საბანკო რეაბილიტაციის პროცესია და გამოიყენება კომპანიებისთვის, რომლებიც ფინანსური სირთულეების წინაშე დგანან, მაგრამ თვლიან, რომ საქმიანობის გაგრძელება შეუძლიათ. ამ დროს კომპანია დროებით დაცვას იღებს კრედიტორებისაგან, რაც მას დროს აძლევს არსებული სიტუაციის შესასწავლად, საჭიროების შემთხვევაში კაპიტალის მოსაძიებლად და ვალდებულებებზე განახლებული პირობების მისაღწევად. 

Hoonigan-ის შემთხვევაში საქმე $1.2 მილიარდის დავალიანებას ეხება. ამის მიუხედავად კომპანიის გეგმით, სიტუაცია უახლეს ორ თვეში უნდა გამოსწორდეს. რეკონსტრუქციისთვის, ახალი დაფინანსების სახით, კომპანიას ამ პერიოდში $570 მილიონის მოზიდვაც სურს. Hoonigan-მა მევალეების ნაწილთან ხელშეკრულებები, განახლებული პირობებით, უკვე გააფორმა. 

რებრენდინგის ფარგლებშ,ი 2023 წელს, Hoonigan-ი Wheel Pros-ს სახე გახდა. Wheel Pros-ი 1994 წელს დაარსებული კომპანიაა, რომლის ბიზნესსაქმიანობაც დისკებისა და საბურავების, ასევე სხვადასხვა საავტომობილო აქსესუარების დაპროექტებითა და გაყიდვით შემოიფარგლება. პოსტპანდემიურ პერიოდში, 2021 წელს, Hoonigan-ი Wheel Pros-თან გაერთიანდა. იმ პერიოდში Wheel Pros-ი გაფართოებას განაგრძობდა თუმცა, თავადაც ფინანსური პრობლემების წინაშე იდგა. ამას დაემატა მიწოდების ჯაჭვში წარმოქმნილი პრობლემები, გაზრდილი ხარჯები - რამაც მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა. 

კომპანიის შემოსავალი 2019-2022 წლებში მნიშვნელოვნად იზრდებოდა. თუმცა 2023 წლიდან მკვეთრი ზრდის ტემპით შენელდა, რაც ფინანსური კრიზისის დაწყების წინაპირობადაც იქცა. ამჟამად კომპანიის მომავალი უკვე სასამართლოს ხელშია. 

გაზიარება: