ფორმულა 1, Ferrari Purosangue, შარლ ლეკლერი
Aa
Aa

შარლ ლეკლერი Ferrari Purosangue-ით საგზაო ავარიაში მოყვა

თანამედროვე „ფორმულა 1“-ის ერთ-ერთი წამყვანი პილოტი, შარლ ლეკლერი, რამდენიმე დღის წინ ავარიაში მოყვა. თუმცა შემთხვევა არა ჩემპიონატის მიმდინარეობისას, არამედ საგზაო ტრასაზე მოხდა. 

მონეგასკი პილოტი თავისი ვერცხლისფერი Ferrari Purosangue-ით, მონტე კარლოში, კერძოდ კი Fairmont Hairpin-ზე, F1 კალენდრის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ მოსახვევში დააფიქსირეს. ეს სწორედ ის მოსახვევია, სადაც Ferrari-ის პირველ ნომერს F1-ის ბოლიდითა და მთელი სისწრაფით არაერთხელ ჩაუვლია. თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ლეკლერი სწორედ მონტე კარლოში ცხოვრობს, ამ ადგილზე ალბათ ჩემპიონატის გარეთაც ხშირად ხვდება. 

ამ შემთხვევაში ლეკლერი ნელი სვლით შავი მიკროავტობუსის უკან გადაადგილდებოდა. კადრებში, რომელიც სოციალურ ქსელში მალევე გავრცელდა ჩანს, რომ ლეკლერი, თავისი Ferrari Purosangue-ით წინ მიმავალ მანქანას მსუბუქად ეჯახება და მალევე ჩერდება. შეჯახება იმდენად მსუბუქია, რომ არცერთი მანქანა სერიოზულად არ დაზიანებულა.

შემთხვევას, საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, თვითმხილველთა დიდი ნაწილი იღებდა. თუმცა სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებში მხოლოდ შეჯახების მცირეხნიანი მომენტი ჩანს და შემდეგ ვიდეო წყდება. უცნობია რა მოხდა ინციდენტის შემდეგ, მაგრამ როგორც სოცქსელის მომხმარებლები წერენ, მძღოლებმა საკონტაქტო ინფორმაცია გაცვალეს - იმ შემთხვევისთვის, თუ რომელიმე ავტომობილს შემდგომში შეკეთება დასჭირდებოდა. 

26 წლის პილოტმა ვერცხლისფერი Purosangue მიმდინარე წლის ივნისში შეიძინა და მის შთამბეჭდავ კოლექციას შემატა. გასაკვირი არაა, რომ ლეკლერის სუპერქარების კოლექციაში არაერთი Ferrari გვხვდება. მათ შორის გამორჩეული მოდელებია: 812 Competizione A, Ferrari 275 GTB Series I, Ferrari Daytona SP3 და Ferrari 488 Pista Spider-ი. 

მსგავსი სიახლეები