ყველაფერი, რაც ახალი Bentley Flying Spur Speed-ის შესახებ უნდა იცოდეთ
Bentley-ის 2025 წლის მოდელი 771 ცხენის ძალას გამოიმუშავებს და 0-დან 100კმ/სთ-ს 3.5 წამში ავითარებს.
Bentley-მ საზოგადოებას ახალი, 2025 წლის მეოთხე თაობის Flying Spur-ი წარუდგინა. ავტომწარმოებლის ისტორიაში ეს ყველაზე მაღალი წარმადობის მქონე სედანია, რომელსაც ბრიტანულმა მარკამ შესაბამისი სახელიც შეურჩია და უახლესი თაობის დასახელებაში ერთი სიტყვა - „Speed“ მიუმატა.
გასაკვირი არაა, რომ ექსტერიერითა და ინტერიერით ეს ულტრათანამედროვე სედანი წინამორბედს ძალიან ჰგავს. თუმცა არის რამდენიმე ძირითადი მახასიათებელი, რაც Speed-ის მოდელს Flying Spur-ის წინა თაობებისგან გამოარჩევს. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი, ამ მხრივ, 2025 წლის მოდელის plug-in ჰიბრიდული სისტემაა, რომლითაც Bentley-მ ძველი W12-ძრავა ჩაანაცვლა.
ერთი შეხედვით, 2025 წლის Bentley Flying Spur Speed-ის დიზაინი მისი წინამორბედის იდენტურია. მაგრამ შედარებით ახლო ხედით უფრო მარტივად აღსაქმელი ხდება რამდენიმე ძირითადი დეტალი, რომელშიც ბრიტანულმა ავტომწარმოებელმა განახლებები შეიტანა. მათ შორისაა ცხაურისა და ბამპერების განახლებული დიზაინი და ახალი, 22-დუიმიანი ალუმინის დისკების ნაკრები.
ამ ყველაფრის მიღმა, საინტერესო კიდევ ერთი ფაქტია: ახალი Bentley რეალურად სხვა არაფერია თუ არა ფეისლიფტი, მაგრამ ავტომწარმოებელი მას მაინც ახალ თაობად მოიხსენიებს. ამის მიზეზი კი "Ultra Performance Hybrid" (ულტრა წარმადობის ჰიბრიდის) ტრანსმისიაა, რომელიც Bentley-ის საშუალებას აძლევს, Flying Spur Speed-ს მისი პირველი „ოთხკარიანი სუპერმანქანა“ უწოდოს.
როგორც უკვე გითხარით, ერთ-ერთი მთავარი, რაც Flying Spur Speed-ს მისი წინამორბედებისგან განასხვავებს, ძრავაა. ძველ თაობებში ჩვენ 592 ცხენის ძალის მქონე 6-ლიტრიან W12-ს ვხვდებოდით. 2025 წლის მოდელში კი, ავტომწარმოებელი plug-in ჰიბრიდულ სისტემას გვთავაზობს - ორტურბინიანი V8 ძრავითა და ელექტროძრავით, რომლებიც ერთობლივი მუშაობით 771 ცხენის ძალას გამოიმუშავებენ. მაბრუნი მომენტი 1 000 ნიუტონ მეტრია.
აღსანიშნავია ისიც, რომ ავტომობილი 0-დან 100 კმ/სთ-მდე მხოლოდ 3.5 წამში ჩქარდება, რაც მას, ამ დროისთვის, Bentley-ის ყველაზე სწრაფ მოდელადაც აქცევს. ყველაფერი ეს სწორედ ორტურბინიანი, 4-ლიტრიანი V8-ძრავისა და ერთი ელექტროძრავის დამსახურებით ხდება. შიგაწვის ძრავა, დამოუკიდებლად, 592 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, ხოლო ელექტროძრავა 187 ცხენის ძალას. შედეგად, W12-თან შედარებით, ახალი მოდელის სიმძლავრე 19%-ითაა გაზრდილი.
განახლებები, მანქანის შესაძლებლობების გაზრდის გარდა, ეკოლოგიურ მიზნებსაც ემსახურება. მხოლოდ 25.9 კილოვატ საათის მქონე ელექტროძრავის საშუალებით, მანქანა ერთი დამუხტვით 76 კილომეტრს გადის. ბატარეის სრულად დამუხტვას დაახლოებით 2 საათი და 45 წუთი სჭირდება. მხოლოდ ელექტროძრავით Bentley Flying Spur Speed-ის მაქსიმალური სიჩქარე 140 კმ/სთ-ია, რაც ნიშნავს, რომ მსგავს მდიდრულ ელექტრომობილებსაც კი გარკვეული შეზღუდვები აქვთ.
ახალ მოდელში ავტომწარმოებელმა Active Chassis-ის სისტემაც დანერგა, რომელიც ადაპტირებულ დაკიდების სისტემას, ელექტრონულად კონტროლირებად შეზღუდული მოცურების დიფერენციალსა და განახლებულ ESC პროგრამულ უზრუნველყოფას აერთიანებს. სისტემა წონის 48.7%-ს ავტომობილის წინა ბორბლებზე, 51.7%-ს კი უკანა ბორბლებზე ანაწილებს.
2025 წლის მოდელის ფასი Bentley-ის ჯერ არ გაუსაჯაროებია. მისი წინამორბედი დაახლოებით $217 000-დან იწყებოდა, ასე რომ ახალ მოდელში ფასის ოდნავ გაზრდასაც უნდა ველოდოთ. სადილეროებში კი Bentley Flying Spur Speed-ი სავარაუდოდ მიმდინარე წლის დასრულებამდე გამოჩნდება.