პიკაპის 73 წლის მძღოლი შენობაში შევარდა: დაშავდა 30 ადამიანი
არიზონას შტატში, ერთ-ერთი შენობის მისაღებ სივრცეში, 73 წლის მძღოლი საკუთარი პიკაპით შევარდა. შემთხვევის შედეგად ჯამში 30 ადამიანი დაშავდა, მათგან მხოლოდ ერთი რჩება ამ დრომდე საავადმყოფოში.
უბედური შემთხვევა შაბათს საღამოს მოხდა. 73 წლის თომას ედვარდ კეინი საკუთარი ავტომობილით Apache Junction Elks Lodge-ის მიმდებარე ტერიტორიის დატოვებას ცდილობდა, რა დროსაც ის შენობაში შევარდა. შეჯახების შედეგად მთლიანად ჩამოინგრა ერთი კედელი, შიდა სივრცე კი მნიშვნელოვნად დაზიანდა.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები, სასწრაფო და სახანძრო ეკიპაჟები იყო მობილიზებული. Apache Junction Police-ის განცხადებით, სასწრაფო დახმარების მანქანებით საავადმყოფოში 10 დაშავებული გადაიყვანეს, ხოლო 15 პირს პირველადი დახმარება ადგილზევე ჩაუტარდა. ადგილობრივი მთავრობის ინფორმაციით, დამატებით 5 პირი საავადმყოფოში, მცირედი დაზიანებებით, თავადვე მივიდა.
73 წლის მძღოლი უკვე დაკავებულია. სამართალდამცავების ინფორმაციით, ბრალდებული, მანქანის მართვის დროს არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა. პოლიციამ უკვე გამოჰკითხა თვითმხილველები და არიზონას ალკოჰოლური სასმელების ლიცენზირებისა და კონტროლის დეპარტამენტთან თანამშრომლობით გამოძიება დაიწყო.
„გვსურს, გულწრფელი თანაგრძნობა გამოვხატოთ გუშინ მომხდარი შემთხვევის შედეგად დაზარალებულებისა და მათი ოჯახებისადმი. ასევე დიდი მადლობა გადავუხადოთ სამართალდამცავებს, სამაშველო და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟებს მათი გაწეული ძალისხმევისთვის“, - წერია Apache Junction Elks Lodge-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. კომპანიის ინფორმაციით, დაზარალებულთა დასახმარებლად, 24-საათიანი ცხელი ხაზი იმუშავებს.
მომხდართან დაკავშირებით განცხადება ადგილობრივი პოლიციის დეპარტამენტმაც გაავრცელა. განცხადებაში დეპარტამენტმა ხაზი გაუსვა იმ რისკებს, რომლებიც ალკოჰოლური თრობის ქვეშ, ავტომობილის მართვისას წარმოიქმნება და მძღოლებს სიფრთხილისა და თავშეკავებისკენ მოუწოდა.