თანამედროვე Gullwing-ი მერსედესისგან
ავტოწარმოების წარსულში უამრავი მოდელი და იდეაა, რომელიც ვერ განხორციელდა. ყველას თავისი მიზეზი ჰქონდა - ზოგიერთს რთული პერიოდის გამო არ მიეცა საშუალება, ზოგს ფინანსები არ ჰქონდა, დანარჩენები კი მაღალი ღირებულების გამო საზოგადოებამ ვერ გაიცნო.
თუმცა ადამიანის შრომა არცერთის მიზეზის გამო არ იმსახურებს მიყურადებას. ავტომოყვარულებმა კარგად იციან, თუ რამხელა ძალისხმევა და ცოდნაა საჭირო, რომ რაღაც ინდივიდუალური შექმნა - ისეთი, ყველას რომ გააოცებს. დღეს ჩვენ უნდა გავიხსენოთ მოდელი, რომლის შესახებ მსოფლიოს დიდმა ნაწილმა არ იცის. მოდელი, რომელიც ბოლომდე ვერ განხორციელდა, თუმცა ნამდვილი შედევრია და დაფასებას იმსახურებს. თქვენს წინაშე უცნაური „მერსედესია“, რომელიც 80-იან წლებში Boschert-მა შექმნა და მას B300 უწოდა.
ავტომობილი 1988 წელს გამოშვებული Mercedes 300 CE-ის ბაზაზე შეიქმნა, თუმცა ძარაში უამრავი ცვლილება შეიტანეს. წინა ნაწილი Mercedes SL-ისგან ჰქონდა, უკანა ნაწილი კი 25 სმ-ით იყო დამოკლებული. ამ ყველაფერს ლეგენდარული Gullwing-ის კარებიც ემატებოდა. იმისათვის, რომ აღნიშნული კარები მოერგოთ, ძარის წინა და უკანა საყრდენები სრულიად გადაკეთდა.
აღსანიშნავია, რომ SL-ის წინა ცხვირის და Gullwing-ის კარების მორგება 300CE-ის ძარაზე ისე, რომ ავტომობილი შესანიშნავად გამოიყურებოდეს დიდი შრომის და კარგი გემოვნების შედეგია. საბოლოოდ, ავტომობილი ძალიან კომპაქტური, სპორტული და ლამაზი გამოვიდა.
Boschert B300-ის შექმნისას მხოლოდ ვიზუალურ მხარეზე არ უფიქრიათ, მასში აგრეგატების გაძლიერებაც იყო ჩაფიქრებული. 6-ცილინდრიან და 3-ლიტრიან ძრავას ორი ტურბო დაუმატეს, ერთი დაბალ ბრუნებზე მუშაობდა, ხოლო მეორე მაღალზე. ამ კონფიგურაციით ე.წ. „ტურბო ლაგი“ გამოირიცხა. აღნიშნული აგრეგატი 283 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა და იგი მექანიკური გადაცემათა კოლოფით იყო აღჭურვილი.
პროექტის დასაწყისში Boschert-ი 300 ერთეულის გამოშვებას გეგმავდა, თუმცა გეგმა ვერ შესრულდა. 1990 წელს B300-ის ღირებულება 165 000 გერმანული მარკიდან იწყებოდა, რაც იმ დროისთვის ძალიან დიდი თანხა იყო. მისი ზუსტი რაოდენობა უცნობია, თუმცა ერთი ის ვიცით, რომ წარმოებული B300-ებიდან 10 ერთეული Gullwing-ის კარების გარეშე იყო წარმოებული.