Volvo-მ გადაიფიქრა: 2030 წლიდან მხოლოდ EV-ებს აღარ გამოუშვებს
უკანასკნელი წლებია, ავტომწარმოებლები, დაჩქარებული წესით ცდილობენ მათი სამომავლო გეგმები და წარმოება ევროკავშირის მიერ დაწესებულ ახალ და გამკაცრებულ რეგულაციებს მოარგონ. როგორც იცით, 2035 წლიდან, ევროკავშირში მავნე გამონაბოლქვის მქონე ახალი ავტომობილების გაყიდვები აიკრძალება, რაც ფაქტობრივად, შიგა წვის ძრავების სიკვდილს გამოიწვევს.
იმ ავტომწარმოებლებს შორის, რომლებიც სრულად ელექტრომობილების წარმოების გეგმაზე გადაერთნენ ერთ დროს Volvo-ც იყო. უფრო მეტიც, კომპანიას საკმაოდ ამბიციური მიზნებიც ჰქონდა და 2030 წლიდან მხოლოდ ელექტრომობილების წარმოებას იწყებდა. თუმცა ბევრისთვის და მათ შორის Volvo-სთვისაც, ბოლო თვეებში, ყველაფერი შეიცვალა. 2035 წლის მოახლოებასთან ერთად, ბევრი ქვეყანა თუ ავტომწარმოებელი უკვე გეგმის აბსურდულობაზე საუბრობს და ვადების გადაწევას ითხოვს - რათა ცვლილებები შედარებით ნელი ტემპით და ეტაპობრივად განხორციელდეს.
2030 წლის გეგმის გაუქმების მიზეზად Volvo-მ ელექტრომობილებზე დაბალი მოთხოვნა დაასახელა. გასულ კვირას გაკეთებული განცხადების თანახმად, Volvo-ს აქციების ღირებულება ბოლო 6 თვის განმავლობაში თითქმის 12%-ით დავარდა. არც პირველი და მეორე კვარტლის ფინანსური პროგნოზები გამართლდა.
შედეგად, კომპანიამ გეგმის შეცვლის გადაწყვეტილება მიიღო. იმის ნაცვლად, რომ სრულად ელექტრომობილების წარმოებაზე გადავიდეს კომპანიის მიზანი ახლა შემდეგნაირია: 2030 წლისთვის გლობალური გაყიდვების 90-100% ელექტრიფიცირებულ მანქანებზე უნდა მოდიოდეს, რომელიც მოიცავს როგორც სრულად ელექტრო, ასევე plug-in ჰიბრიდულ მოდელებს. დარჩენილი 0-10% კი, საჭიროების შემთხვევაში, mild-ჰიბრიდების შეზღუდული წარმოებით შეივსება.
ამჟამინდელი გეგმით, Volvo-ს ათწლეულის შუა რიცხვებისთვის კომპანიის გლობალური წარმოების ნახევრის გაელექტროება სურს. სრულად ელექტრო კი, ავტომწარმოებელი მაშინ გახდება, როდესაც ამისთვის „შესაბამისი პირობები“ ექნება.
რაც შეეხება არსებულ მდგომარეობას: დღეს, სრულად ელექტრომობილები Volvo-ს პროდუქციის 26%-ს შეადგენს, რაც კომპანიის განცხადებით, პრემიუმ კლასის კონკურენტებს შორის, ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. მეორე კვარტლის მონაცემებით კი, ელექტრიფიცირებული ავტომობილების წილი - სრულად ელექტრო და plug-in ჰიბრიდები - კომპანიის მთლიანი წარმოების 48%-ია.