Aa Aa
13 სექტემბერი 2024  |  16:34

ჩინეთი პირველი ქვეყანაა, რომელმაც თვეში 1 მილიონი ელექტრომობილი გაყიდა

მაშინ, როდესაც ევროკავშირსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში ელექტრომობილების გაყიდვების ზრდის ტემპი იკლებს, ჩინეთი პირიქით - ახალი სიმაღლეების დაპყრობას განაგრძობს. ბოლო მოხსენების თანახმად, ჩინეთი პირველი ქვეყანა გახდა მსოფლიოში, რომელმაც ერთ თვეში მილიონზე მეტი ახალი ელექტრომობილი დაარეგისტრირა

შედეგად, ბოლო მონაცემებით, გასულ თვეში ჩინეთში 1 მილიონზე მეტი ელექტრომობილი გაიყიდა. გამოდის, რომ ჩინეთში, ელექტრომობილების გაყიდვები, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 33%-ით გაიზარდა. ამის საპირისპიროდ კი პირველად შემცირდა ელექტრომობილების გაყიდვების ზრდის ტემპი ევროკავშირსა და გაერთიანებულ სამეფოში. ზრდის ტემპის ვარდნაზე რამდენიმე ფაქტორმა იქონია გავლენა: მათ შორის იყო გერმანიაში ახალი ელექტრომობილების შესყიდვაზე სუბსიდიების შეჩერება და ევროკავშირის სავაჭრო შეზღუდვები - რაც უმეტესად, ჩინეთიდან იმპორტირებულ პროდუქციაზე გაზრდილ საიმპორტო ტარიფებში გამოიხატა. 

ამის მიუხედავად, Rho Motion-ის ანგარიშით, ელექტრომობილებზე გლობალური მოთხოვნა კვლავ მზარდია. 2024 წელს ჯამში 9.8 მილიონი ბატარეაზე მომუშავე ავტომობილი გაიყიდა - რაც აგვისტოს მდგომარეობით, გასულ წელთან შედარებით, 20%-ით მეტია. მოხსენების თანახმად, ელექტრომობილების გაყიდვების 9%-იანი ზრდა სტაბილური მაჩვენებელია ამერიკის შეერთებული შტატებისა და კანადისთვის. თუმცა ნოემბერში დანიშნული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებმა შესაძლოა გავლენა EV-ების გაყიდვებზეც იქონიოს. 

მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთში ელექტრომობილების გაყიდვები მზარდია - მთლიანობაში სურათი განსხვავებულია. ჩინეთის სამგზავრო მანქანების ასოციაციის (CPCA) მონაცემებმა აჩვენა, რომ აგვისტოში ყველა ტიპის  ძრავაზე მომუშავე ავტომობილების საერთო გაყიდვები 1.1%-ით დაეცა და 1.92 მილიონი ერთეული შეადგინა. 

Reuters-ის მოხსენების თანახმად, New Energy Vehicles (NEV) გაყიდვები, რომელიც მოიცავს სრულად ელექტრო მანქანებსა და plug-in ჰიბრიდებს, სუბსიდიების წყალობით გაიზარდა. ქვეყანა მძღოლებს, რომლებიც შიგა წვის ძრავის ავტომობილიდან NEV-ზე გადასვლას გადაწყვეტს, $2 800-ის შეღავათს სთავაზობს. მცირე მოცულობის ძრავის მქონე ავტომობილზე გადასვლის შემთხვევაში კი სუბსიდია $2 100-ს შეადგენს. 

გაზიარება: