GM და Hyundai ავტომობილების ერთობლივ წარმოებას გეგმავენ
შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, ავტომწარმოებლები მომხმარებლებს პროდუქციის ფართო სპექტრს, ბევრად ადრე შესთავაზებენ.
ახალი დღე და ახალი პოტენციური პარტნიორობა ავტომწარმოებლებს შორის - კვლავ წარმოების ხარჯების შემცირებისა და კონკურენტუნარიანობის გაზრდის მიზნით. ამჯერად ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი Hyundai-მ და GM-იმ მოაწერეს. ავტომწარმოებლები ერთობლივი მუშაობით მომავლის მანქანების, სუფთა ტექნოლოგიებისა და მიწოდების ჯაჭვის გაუმჯობესების მიმართულებით იმუშავებენ.
შეთანხმებას ხელი Hyundai Motor Group-ის აღმასრულებელმა თავმჯდომარე ეუისინ ჩუნგმა და GM-ის თავმჯდომარემ და აღმასრულებელმა დირექტორმა მერი ბარამ მოაწერეს. მოლაპარაკებების შემდგომ ეტაპზე, მხარეები სხვადასხვა შესაძლებლობას და მუშაობის სპეციფიკას განიხილავენ. დისკუსიები დაუყოვნებლივ დაიწყება. ამჯერად შეთანხმება არასავალდებულო ხასიათისაა და ძალაში, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ შევა.
Hyundai-სა და GM-ის პოტენციურ სამუშაო სფეროებს შორისაა შემდგომი თაობის კომერციული და სამგზავრო ავტომობილები, ასევე შიგაწვის, ელექტრო და წყალბადის წვის მანქანები. ავტომწარმოებლები განიხილავენ ბატარეების წარმოების შესაძლებლობასაც.
გავრცელებული ერთობლივი განცხადებით, Hyundai და GM-ი „ეფექტიანობის გაუმჯობესებასა“ და „კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესებაზე“ იმუშავებენ. ძირითად სტრატეგიულ სფეროებში თანამშრომლობა კვლევითი საქმიანობის ხარჯებს შეამცირებს, ხოლო საბოლოო შედეგის მიღწევის ვადებს დააჩქარებს. შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, ავტომწარმოებლები მომხმარებელს პროდუქციის ბევრად ფართო სპექტრს შესთავაზებენ.
ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ გაუქმდა GM-სა და Honda-ს შორის დადებული ხელშეკრულება, რომლის ღირებულებაც $5 მილიარდს შეადგენდა. გეგმის ფარგლებში, ავტომწარმოებლებს ხელმისაწვდომი ელექტრო SUV-ების წარმოებაზე უნდა ემუშავათ. შესაძლებელია GM-ისთვის Hyundai-ის მიერ შეთავაზებული პირობები ბევრად ხელსაყრელი აღმოჩნდა, რის გამოც ამ უკანასკნელმა არჩევანი სწორედ Hyundai-ზე შეაჩერა.
GM-ი თავმჯდომარის განცხადებით, ორივე კომპანიის გუნდი ძლიერი და ნიჭიერი პერსონალითაა დაკომპლექტებული. მთავარი მიზანი კი მომხმარებლებისთვის თანამედროვე, ეფექტიანი და ბევრად კონკურენტუნარიანი მანქანების შეთავაზებაა - და რაც მთავარია, ეს მოკლე ვადებში უნდა მოხდეს.