Aa Aa
16 სექტემბერი 2024  |  13:11

ლანდო ნორისი ლეგოსგან დამზადებული McLaren P1-ის საჭესთან

სტანდარტული მანქანის ზომის ლეგო ვერსიები აქამდეც გვინახავს. თუმცა ეს 1:1 ზომის Lego McLaren P1, რომელიც სილვერსტოუნის წრეზე გამოჩნდა, მისი წინამორბედებისგან სრულად განსხვავებულია.  

ლეგოს მანქანა 342,817 ნაწილისგან შედგება. Lego Technic-ი დრეკადი ნაწილებისგანაა აწყობილი, რაც მას გლუვ ფორმას და ერთიანობას უნარჩუნებს. ავტომობილის ძრავა ლეგოს 768 ნაწილისგან შედგება, ხოლო ძრავას მუშაობაში სტანდარტული მანქანის ბატარეა ეხმარება. ამის საშუალებით, ავტომობილი სრული წრის დაფარვას წარმატებით ახერხებს.

შასის შესახებ McLaren-ს ინფორმაცია არ გაუსაჯაროებია. თუმცა როგორც ვიდეოშიც ვხედავთ, ბორბლების, მაჩვენებელთა დაფისა და საჭის გარდა, მანქანაში თითქმის ყველაფერი ლეგოა. McLaren-ის პილოტ ლანდო ნორისის თქმით, ის თავდაპირველად ნერვიულობდა, მაგრამ ლეგოს ჩაფხუტით წრე სრულად წარმატებით დაფარა.

გარკვეულ მონაკვეთებში ვიდეო აჩქარებულია, საერთო ჯამში კი ლანდო ტრასის სრულ მონაკვეთზე ავტომობილს სტაბილურად, და მნიშვნელოვანი შეფერხებების გარეშე მართავს. უცნობია თუ რა სიჩქარით და რა დროში დაფარა McLaren-ის პილოტმა სილვერსტოუნი, მაგრამ ის ფაქტი, რომ ლანდო 1 200 კილოგრამის ლეგოსგან დამზადებულ ავტომობილს მართავდა, უკვე აღსანიშნავი მოვლენაა.

„McLaren-ისთვის თავდაპირველ P1-პროგრამაზე მუშაობის შემდეგ, შთამბეჭდავია იმის დანახვა, თუ როგორ გამოიყენა ასე რეალისტურად, ყველა ეს ელემენტი Lego Technic-ის გუნდმა. იმედი მაქვს, ეს მანქანა დიზაინერებისა და ინჟინრების შემდგომი თაობებისთვის იქცევა მოტივაციად, გადალახონ საავტომობილო ინოვაციების საზღვრები“, - განაცხადა McLaren-ის ტესტირებისა და განვითარების მიმართულების ხელმძღვანელმა ბენ გულივერმა.

 

გაზიარება: