Aa Aa
16 სექტემბერი 2024  |  16:12

Ford Mustang GTD 800 ცხენის ძალაზე მეტს გამოიმუშავებს

815 ცხენის ძალა, 900 ნიუტონ მეტრი, მაქსიმალური სიჩქარე - 325 კმ/სთ 

სულ რაღაც ერთი წლის წინ, Ford-მა ფართო საზოგადოებას Mustang GTD წარუდგინა. უახლესი მოდელი, რომელიც 800 ცხენის ძალას გამოიმუშავებს და წუთში 7 500 ბრუნს ასრულებს. თუმცა დროის გასვლასთან ერთად, ავტომობილის შესაძლებლობების შესახებ ბევრად ზუსტი მონაცემები მივიღეთ და რეალური სტატისტიკა იმაზე შთამბეჭდავი აღმოჩნდა, ვიდრე დებიუტისას Ford-ი გვპირდებოდა. 

რეალური მონაცემებით, Mustang GTD-ის 5.2-ლიტრიანი V8 ძრავა 815 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, ხოლო მაბრუნი მომენტი 900 ნიუტონ მეტრია. ეს კი მას ყველაზე მაღალი წარმადობის მქონე სერიული წარმოების Mustang-ად აქცევს. ლიტრზე გამომუშავებული ცხენის ძალის რაოდენობით Porsche 911 GT3 RS-აც კი აღემატება. მაქსიმალური სიჩქარის მიღწევა კი, რომელიც ამ Mustang-ს შეუძლია, 325 კმ/სთ-ზე მეტია.

Ford-ის ინჟინრებმა ამ შთამბეჭდავ შედეგს რამდენიმე ცვლილების შედეგად მიაღწიეს: მათ შორის განაახლეს ავტომობილის შემშვები და გამომშვები სისტემა და მას პატარა ზომის კომპრესორის შკივიც დაუყენეს. გარდა ამისა, ამ Mustang-ში პირველად ვხვდებით მშრალი შეზეთვის სისტემას, რომლის საშუალებითაც ძრავა 7 650 ბრუნზეც კი თავს უსაფრთხოდ გრძნობს.

ავტომობილში წონა თითქმის იდეალურად, 50-50-ზეა გადანაწილებული. მანქანა უკანა ამძრავია და 8-სიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფითაა აღჭურვილი. ნახევრად აქტიური უკანა საკიდარი კი მართვის უნარებს აუმჯობესებს. მანქანის წონას Ford-ი წინა ბამპერზე, კაპოტზე, სახურავსა და საბარგულის საფარზე კარბონის გამოყენებით აბალანსებს. 

ალტერნატიული პაკეტი, რომელიც 20-იან საბურავებს, დიდი ზომის გამშვებს და ავტომობილის აეროდინამიკური შესაძლებლობების გაუმჯობესებას მოიცავს.

ეს ცვლილებები, წესით, Ford-ს სასურველი მიზნის მიღწევაში უნდა დაეხმაროს - დაფაროს Nurburgring-ის წრე 7 წუთზე ნაკლებ დროში. მაგრამ ავტომწარმოებელი ამ მოდელის მხოლოდ შეზღუდული რაოდენობით წარმოებას განიხილავს. თუმცა მოთხოვნა მაღალია. Ford-მა მხოლოდ 37 დღეში ავტომობილის შესყიდვის თაობაზე 7 500-ზე მეტი განაცხადი უკვე მიიღო. მსურველებს სპეციალური გამოშვების Mustang-ის შესაძენად სულ მცირე $325 000-ის გადახდა მოუწევთ. 

გაზიარება: