BMW-ს მოდელი, რომელსაც ყველაფერი შეეძლო
სერიულ წარმოებამდე ავტომობილების უმრავლესობა დიდ გზას გადის. პროდუქტმა საბოლოო სახე უნდა მიიღოს და მხოლოდ მაშინ გვეძლევა ავტომოყვარულებს შანსი, რომ ესა თუ ის მოდელი ახლოდან გავიცნოთ. ამ შემთხვევაში სიტყვა პროდუქტი შემთხვევითი არა არის, ის ავტომობილები, რომლებსაც უმრავლესობა იცნობს კარგად შეფუთული პროდუქტია. თითქმის ყველა ავტომწარმოებელს ჰყავს ისეთი კონცეპტი, რომელიც იდეის ზეიმი იყო, თუმცა სერიული მოდელებისგან ფუნდამენტალურად განსხვავებული იყო.
BMW-ის უამრავი კონცეპტი არაერთხელ გაგვიხსენებია, თუმცა დღევანდელი ჩვენი გმირი ყველასგან განსხვავებულია. BMW Z18 ბევრმა არ იცის, ან ვინც იცის აღარც კი ახსოვს. ამ კომპანიისთვის ის შორეული წარსულია, რადგან იგი 1990 წელს შეიქმნა და საზოგადოებაში მხოლოდ 5 წლის შემდეგ გამოჩნდა.
ერთი შეხედვით უწყინარი ღია სახურავიანი საკურორტო ავტომობილი იყო, რომელიც ზღვის სანაპიროზე გასასეირნებლად იდეალური იქნებოდა. თუმცა ვინც მისი მონაცემები იცის, მისთვის ეს წინადადება სასაცილო იქნება. Z18 2-ადგილიანი „როუდსტერი“ იყო, რომელსაც 4x4-ზე სისტემა ჰქონდა და 1560 კილოგრამს იწონიდა. მთავარ აგრეგატს რაც შეეხება, ის 8-ცილინდრიანი და 4.4 ლიტრი მოცულობის იყო, რომელიც 355 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა. 4-ვე წამყვანი კონფიგურაცია და დიდი V8 ძრავა წონის მატებას განაპირობებდა, ამიტომ მისმა შემქნელებმა ძარა პლასტმასის გააკეთეს.
ინჟინრებმა ავტომობილის კლირენსი საკმაოდ აამაღლეს, რადგან უგზოობა დაბრკოლება არ უნდა ყოფილიყო. თუ Z18-ს კარგად დააკვირდებოდით, საბურავების თაღებს შიგნით მოტოციკლეტის ფრთები ეყენა, რაც ძალიან უცნაურად ჩანდა. მიუხედავად უნივერსალურობისა, ავტომობილს ტრანსფორმაცია შეეძლო, მას აგრეთვე შეეძლო 2+2 კონფიგურაციის მქონე ინტერიერიც ჰქონოდა. ამ შესაძლებლობასთან ერთად Z18-სთვის „პიკაპად“ გადაქცევაც არ იყო პრობლემა.
BMW Z18-ის იდეა უცნაური იყო - მასში ენდურო, ყველგანმავალი და „როუდსტერი“ ერთად უნდო ყოფილიყო შერწყმული. მისი დანიშნულება იმ ადამიანების დაკმაყოფილება იყო, რომლებსაც ყველაფერი ერთად უნდოდათ და ექსტრიმით ცხოვრობდნენ. სამწუხაროა, მაგრამ ის ბევრ ეგზემპლარად ვერ ვიხილეთ, მიუხედავად იმისა, რომ იდეა ნამდვილად უნაკლო იყო.