BMW-ის მძღოლი $116 000-ით დააჯარიმეს, რადგან მდიდარია
შვეიცარიაში, კერძოდ კი ქალაქ ციურიხში, BMW-ის ერთ-ერთი მძღოლი სამართალდამცავებმა $116 000-ით დააჯარიმეს. ბრალების თანახმად, 58 წლის ადვოკატი, რომელიც BMW-ის მეხუთე სერიას მართავდა, წინ მიმავალ ავტომობილთან სახიფათო დისტანციაზე გადაადგილდებოდა. BMW ავტომობილს 120 კმ/სთ-ით, სულ რაღაც 7-12 მეტრამდე სიახლოვეს მიჰყვებოდა.
შვეიცარიელი ადვოკატი ტურბოდიზელის ძრავაზე მომუშავე BMW 540d-ს მართავდა. აქედან გამომდინარე, ბევრმა შეიძლება იფიქროს, რომ ეს შემთხვევაც BMW-ის მძღოლებისთვის დამახასიათებელი აგრესიული მართვის სტილის დამსახურებაა. ეს შესაძლოა ასეცაა, თუმცა საინტერესო აქ შვეიცარიის კანონმდებლობაა. კერძოდ კი Day-Fine სისტემა, რომელიც ჯარიმის ოდენობას კანონდამრღვევის შემოსავლების გათვალისწინებით ადგენს.
გავრცელებული ინფორმაციით, დაჯარიმებული ადვოკატი წელიწადში დაახლოებით 1.7 მილიონ შვეიცარიულ ფრანკს გამოიმუშავებს, რაც მიმდინარე კურსით, $2 მილიონზე მეტია. შვეიცარიის Day-Fine სისტემის მიხედვით, სასამართლომ დააწესა მისი ჯარიმა 50 დღიური განაკვეთით 1,970 ფრანკით, რაც საერთო ჯამში 98,500 ფრანკია (დაახლოებით $116,000). გარდა ამისა, მას დაეკისრა 15,000 ფრანკი დამატებითი ჯარიმის სახით და 5,000 ფრანკი სასამართლო გადასახადის სახით.
ჯარიმების მოცულობის განსაზღვრის მსგავსი სისტემით, შვეიცარია საგზაო უსაფრთხოების დარღვევის შემთხვევაში, მძღოლების მიმართ ფინანსურ თანასწორობას ინარჩუნებს. Day-Fine მიდგომით, ფინანსური გავლენა, რომელიც ერთი და იმავე დარღვევის შემთხვევაში მძღოლს მიადგება, თანაბარი იქნება.
სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება BMW-ს მძღოლმა უკვე გაასაჩივრა. მოსარჩელე ადვოკატის მტკიცებით, სამართალდამცავებმა დაკავებისას უფლებები არ წარუდგინეს, ხოლო იმ მანძილის დასადგენად, რა დისტანციაზეც წინ მიმავალ ავტომობილს მიჰყვებოდა, მხოლოდ ვიდეოჩანაწერი გამოიყენეს - რაც საკმარისი მტკიცებულება არ იყო ბრალდების გამოსატანად. სასამართლომ ორივე მოთხოვნა უარყო და განაჩენი უცვლელი დატოვა.