Aa Aa
18 სექტემბერი 2024  |  19:46

არიზონას „მანქანათსაყრელზე“ 10 000-ზე მეტი კლასიკური ავტომობილი „განისვენებს“

ბოლო პერიოდში, საავტომობილო ჯართის საცავს იშვიათად თუ ნახავთ. განსაკუთრებით მცირე რაოდენობითაა ტერიტორიები, სადაც მიტოვებული კლასიკური ავტომობილების ნახვა შეიძლება. ისინი ან თანდათან იხურება, ან იმდენად ლპება და ნადგურდება, რომ ნაწილების აღდგენაც კი შეუძლებელია.

თუმცა ეს შემთხვევა გამონაკლისია. არიზონაში ახლახან უზარმაზარ „მანქანათსაყრელს“ მიაკვლიეს, სადაც 10 000-ზე მეტი ამერიკული კლასიკური ავტომობილი განისვენებს. და რაც მთავარია, რამდენიმე ათეული ავტომობილი ჯერ კიდევ აღდგენას ექვემდებარება.

ამერიკის საავტომობილო ისტორიის „სასაფლაოს“, ცოტა ხნის წინ YouTube-ის ერთ-ერთი გვერდი Remote Trooper-ი ეწვია. გვერდმა პლატფორმაზე დრონისა და კამერის საშუალებით გადაღებული კადრებიც განათავსა.

რეალურად ეს 1993 წელს დაარსებული საოჯახო ბიზნესია, რომელიც დაარსების დღიდან მუდმივად ამერიკული კლასიკური ავტომობილების შეძენითა და შენახვითაა დაკავებული. ეს ავტომობილები უმეტესად 1964 წლამდეა წარმოებული. მარაგი იმდენად დიდია, რომ კომპანიის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, მისი დიდი ნაწილი დახარისხებულიც კი არ არის. ფაქტს ისიც ართულებს, რომ ავტომობილებს შორის ისეთი ბრენდებიცაა, რომლებიც დღეს აღარ არსებობენ - მაგალითად, DeSoto.

ამ „მანქანათსაყრელზე“ კვლავ ათობით მანქანაა, რომელსაც სრული სახე კვლავ შენარჩუნებული აქვს. არის დაზიანებული და ნაწილობრივ განადგურებული მანქანებიც, რომელთა აღდგენაც შესაბამისი ძალისხმევის გაღების შემთხვევაში შესაძლებელია. და მიუხედავად იმისა, რომ არიზონას მზეს ნებისმიერი საღებავის საფარის მოცილება შეუძლია, მშრალი კლიმატის წყალობით, მანქანებზე ჟანგი მინიმალურადაა მოდებული.

რაც შეეხება რესტავრაციას: როგორც ჩანს თავად კომპანია ამას აღარ აკეთებს. ეს ობიექტი 2011 წელს Discovery-ის ერთ-ერთი შოუს, Desert Car Kings-ის ყურადღების ცენტრშიც მოექცა. ამჟამად კი უყურადღებოდაა, თუმცა დამთვალიერებლებს ამერიკის კლასიკური ავტომობილების ნახვის შესაძლებლობა სურვილის შემთხვევაში კვლავ აქვთ.

გაზიარება: