Aa Aa
19 სექტემბერი 2024  |  15:09

კლარკსონს ელექტრომობილებზე „შეურაცხმყოფელი“ განცხადებისთვის აკრიტიკებენ

როგორც იცით, The Grand Tour-ისა და Top Gear-ის ლეგენდარული ტრიო 20-წლიანი თანამშრომლობის შემდეგ დაიშალა. ჯერემი კლარკსონის, რიჩარდ ჰამონდისა და ჯერემი მეის თანაწამყვანობით, Grand Tour-ის ბოლო ეპიზოდი მაყურებელმა უკვე იხილა. 

One for the Road-ის გადაღებებისას, ტრიო ზიმბაბვეში გაემგზავრა, რათა მათი ერთობლივი ისტორია სწორედ იქ დასრულებულიყო სადაც 17 წლის წინ, Top Gear-ის ამ სამეულის პირველი გამოჩენით დაიწყო. ბოლო თავგადასავლისთვის კლარკსონმა 1982 წლის Lancia Montecarlo, ჰამონდმა 1974 წლის Ford Capri, ხოლო მეიმ 1974 წლის Triumph Stag-ი აირჩია. გზა გამოწვევებით სავსე აღმოჩნდა: ძრავის გადახურებიდან დაწყებული, ამორტიზატორების გაუმართაობით დასრულებული. თუმცა სამივე მათგანმა დანიშნულების ადგილს წარმატებით მიაღწია. 

მაგრამ, ეპიზოდის განსაკუთრებით საინტერესო მომენტი გადაცემის დასასრულისკენ მოხდა. მაშინ, როდესაც კლარკსონი მაყურებელს შოუს დასრულების მიზეზებსა და მათ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე ელაპარაკებოდა. Lancia-ს ძრავის ხმის გაგონებისას, ტელეწამყვანმა კამერაში ეს სიტყვები თქვა: „გესმით, კვლავ როგორ ხმას გამოსცემს ეს ძრავა? გესმით? მე ძალიან მიყვარს ეს ხმა“. 

ამ კომენტარის შემდეგ კი, კლარკსონმა შემდეგი ფრაზა წარმოთქვა: „და ყველა, ვინც დღეს იზრდებით თქვენი ელექტრო მანქანებით, ვერასოდეს გაიგონებთ ამას. ჩემთვის, გადაცემის დახურვის ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ესაა. მე უბრალოდ არ მაინტერესებს ელექტრომანქანები. ისინი უბრალოდ სარეცხი მანქანებია ან მიკროტალღური ღუმელები, მათგან სიამოვნებას ვერ მიიღებ. ისინი უბრალოდ ... არიან“. ამ სიტყვებით დაასრულა კლარკსონმა ელექტრომობილებზე საუბარი და რა საკვირველია, რომ EV-ების მოყვარულების კრიტიკაც მალევე დაიმსახურა.  

რეალურად, ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც კლარკსონი, ელექტრომობილების მიმართ, მის საკმაოდ ნეგატიურ შეხედულებებზე ღიად საუბრობს. თუმცა ამჯერად, როგორც ჩანს, კლარკსონის მოსაზრებამ ელექტრომობილების რამდენიმე ენთუზიასტი გააღიზიანა, რომლებმაც Grand Tour-ის წამყვანი გლობალური მასშტაბის სიცრუის გავრცელებაში დაადანაშაულეს. 

ერთ-ერთი ავტომოყვარული ჟურნალისტი და იუტუბერი ჯონი სმიტი იყო. „სრული სისულელე. სისულელეა თუ თვლით, რომ ელექტრომობილები საფრთხეში აგდებენ თქვენ უფლებას მართოთ კლასიკური ავტომობილები, საინტერესო ძრავებით. ისინი უბრალოდ ერთმანეთს ავსებენ, რადგან ყოველდღიურად 70-იანი წლების Lancia-ს არავინ მართავს. მსგავსი კომენტარები იმ მოსაზრებას გავს, რომ „ქალებს პარკირება არ შეუძლიათ“. ჯერემი, შენ ლეგენდა და ბევრისთვის შთაგონების წყარო ხარ და გთხოვ, მსგავს ... ნუ გაავრცელებ“, - წერს სმიტი სოციალურ ქსელში. 

 

გაზიარება: