Manhart-მა M240i შექმნა და ის M2-ის რეალური კონკურენტია
BMW M2-მა გამოსვლის დღიდან ბევრი ავტომოყვარულის ყურადღება მიიპყრო, რის გამოც, ჩვეულებრივი, მეორე სერიის კუპეები, ნაკლებად შესამჩნევი გახდა. Manhart-მა ამ საკითხის გამოსწორება მოდიფიცირებული M240i-ის წარდგენით გადაწყვიტა და ბევრის აზრით, M2-ის რეალური კონკურენტიც შექმნა.
ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ნამდვილი Manhart MH2 450-ის ნახვა შესაძლებელია. 2020 წელს, კომპანიამ მხოლოდ მისი დიზაინის ნახაზები გაასაჯაროვა. ახალ მოდელში Manhart-მა 3-ლიტრიანი ექვსცილინდრიანი ძრავის გამომუშავება 369 ცხენის ძალიდან 434 ცხენის ძალამდე გაზარდა. ეს ნაკლებია 2025 წლის BMW M2-ის შესაძლებლობებზე (473 ცხენის ძალა), თუმცა Stage 2 და Stage 3 განახლებებით, ამ განსხვავების აღმოფხვრა M240i-სთვის ბევრად უფრო მარტივი გახდება.
რაც შეეხება ავტომობილის შასს, მანქანის მფლობელებს ორი ვარიანტის - H&R-ის ან KW-ის არჩევა შეეძლებათ. განახლებებით გაუმჯობესდება ავტომობილის წარმადობა და მართვის გამოცდილებაც. ხოლო მუხრუჭები მოდიფიცირებულ მოდელზე კვლავ ქარხნული ვერსიის დარჩება.
სურათზე გამოსახული M240i-დან შეიძლება იმის თქმა, რომ მოდელის ფერი ავტოსპორტიდან მიღებული ინსპირაციითაა შერჩეული. ეს აერთიანებს შავ კორპუსზე თეთრ, ნაცრისფერ და წითელ წარწერებს. დიდი ზომის Manhart-ის ემბლემები კი, ტრასაზე მის ამოცნობას ბევრს გაუმარტივებს.
ავტომობილი 20-იანი ალუმინის შენადნობის დისკებითაა აღჭურვილი, ხოლო კარბობუს დეტალები M240i-ს სპორტულ შესახედაობას მატებს. მათ შორისაა სპლიტერი, უკანა დიფუზორი და უფრო გამოკვეთილი სპოილერი. როგორც Manhart-ს სჩვევია, მსგავსი განახლებები იაფი არასდროსაა. ყველაზე ძვირადღირებული ნაკრების ღირებულება 6 590 ევროა, KW Variant 4 Coilovers-ის ღირებულება კი 6 499 ევროს უტოლდება.