ქუჩის რბოლისას Challenger-ი და Corvette C8 დაიმტვრა
ნიგერიელი მამაკაცის მტკიცებით, ნაქირავები C8-ის დამტვრევის გამო, $243 000-ის გადახდა მოუწევს.
არსებობენ ისეთი ავტოენთუზიასტებიც, რომელთათვისაც საჯარო ქუჩებზე რბოლა ადრენალინის მიღებისა და გართობისთვის, ერთ-ერთ საყვარელ აქტივობადაა ქცეული. თუმცა რეალურად, ქუჩის რბოლები სახიფათოა და საშიში გასართობია, როგორც მძღოლებისთვის, ასევე გარშემომყოფებისთვის. რომ აღარაფერი ვთქვათ ავტომობილების განადგურების შემთხვევებზე და იმ ფინანსურ ზარალზე, რომელიც ამ „უწყინარ“ გართობას მოჰყვება.
ერთ-ერთი ნიგერიული ვებგვერდის თანახმად, C8, რომელიც ამ კონკრეტული რბოლის დროს დაიმტვრა, ნაქირავები იყო. და ტრასაზე ის არა Challenger-ს, არამედ Jeep Trackhawk-ს ეჯიბრებოდა. თუმცა, სტარტის აღებიდან რამდენიმე წამში, გზატკეცილი Challenger-მა გადმოკვეთა. მაღალი სისწრაფით მომავალი Corvette სწორედ მას შეეჯახა და წინა კორპუსის დიდი ნაწილიც გაუნადგურა.
მაღალი სისწრაფით მიმავალი C8-ს მძღოლი, Dodge-ის გაფრთხილებასაც შეეცადა, მათ შორის მაშუქების ჩართვით. თუმცა Challenger-მა გზის დატოვება ვერ მოახერხა და C8-ს პირდაპირ ცხვირით შეეჯახა. შეჯახების შედეგად, Dodge-ის მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა, მაგრამ ეს არაფერია იმასთან შედარებით, რა დაზიანებებითაც ეს რბოლა Corvette-ისთვის დასრულდა.
გაურკვეველია რატომ ვერ დაინახა Dodge-ის მძღოლმა მისკენ მომავალი Corvette, ან უფრო მეტი, რატომ ვერ გაიგო V8-ის ხმა. ფაქტია, რომ ამ „უყურადღებობასა“ და „გართობას“ ორი, ბევრისთვის სანატრელი მანქანა შეეწირა.
შემთხვევას ორივე მძღოლი მცირე დაზიანებებით გადაურჩა. C8-ს მძღოლი ამჟამად საავადმყოფოშია, საიდანაც სოციალურ ქსელში ფოტო და პოსტი გამოაქვეყნა - ის საავადმყოფოს მაღალ ხარჯებზე საუბრობდა და მის გამომწერებს დახმარებისკენაც მოუწოდებდა. სავარაუდოდ, ეს ხარჯები განადგურებული მანქანების შეკეთების ღირებულება უნდა იყოს, რაც სულ მცირე $240 000 მაინც იქნება.