მძღოლი Mazda-ს უჩივის და $5 მილიონს ითხოვს
პენსილვანიის მცხოვრებმა მიმდინარე წლის მაისში ახალი Mazda CX-50 შეიძინა, თუმცა ყველაფერი შეიცვალა მას შემდეგ, რაც მისი ქალიშვილი მანქანით ავარიაში მოყვა. CX-50-ის მფლობელი ახლა ავტომწარმოებელს უჩივის და უსაფრთხოების ზომების დარღვევას ედავება. როგორც მოსარჩელე ამტკიცებს, ინსტრუქცია „მანქანის დაქოქვის შესახებ“ ძალიან ბუნდოვანია და კონკრეტულ მითითებებს არ იძლევა.
„მან (მფლობელის ქალიშვილი) დააჭირა Stop-Start ღილაკს, რის შემდეგაც ეკრანზე გამოვიდა წარწერა: „დააჭირეთ მუხრუჭს მანქანის დასაქოქად“. მძღოლმა მანქანა პარკირების ზონიდან გამოიყვანა და Drive-ში გადაიყვანა. მანქანამ მაშინვე უკან სვლა დაიწყო და მძღოლმა კონტროლის დამორჩილება ვეღარ შეძლო - მათ შორის მუხრუჭებზე დაჭერის შედეგადაც, მუხრუჭები და საჭე არ რეაგირებდა“, - წერია განცხადებაში.
მძღოლი მანქანიდან გადმოვიდა, ავტომობილი კი ხეს შეეჯახა. შემთხვევის რეალური მიზეზის დადგენა რთულია, ავტომწარმოებელი მძღოლის გამოუცდელობასა და დაუდევრობაზე მიუთითებს, ხოლო მოსარჩელე ავტომობილის გაუმართაობაზე - განსაკუთრებით კითხვებს ელექტრომოწყობილობის დახმარების გარეშე, მუხრუჭებისა და საჭის მუშაობა აჩენს. ის ფაქტიც, რომ სარჩელი, მხოლოდ ელექტრომოწყობილობის გაუმართაობაზე ამახვილებს ყურადღებას, აჩენს ეჭვს, რომ ჩვეულებრივ მდგომარეობაში, მუხრუჭებიც და საჭეც ფუნქციონირებადი უნდა ყოფილიყო.
არსებობს დაშვებაც, რომ მძღოლი იმდენად სუსტი იყო, რომ ვერ შეძლო დამხმარე მოწყობილობის გარეშე მთელი ძალით მუხრუჭებს დასწოლოდა. და შესაძლოა არც იმას მიაქცია ყურადღება, რომ ძრავა რეალურად არც დაქოქილა. ამის თქმაც რთულია, თუმცა როგორც დილერი და Mazda ამტკიცებენ, ავტომობილი სრულად გამართულია და მუშაობს ისე, როგორც უნდა მუშაობდეს.
თავად მოსარჩელეები კი ავტომწარმოებლებისგან უკეთეს კომუნიკაციას ითხოვენ, რათა მძღოლი ავტომობილის დაქოქვის დროს არ დაიბნეს. ცნობისთვის, სარჩელი ეხება 2017 წლის შემდეგ წარმოებულ ყველა მოდელს, რომელსაც დასაქოქად, დაჭერის ღილაკი აქვს და დამტკიცების შემთხვევაში, ავტომწარმოებლისგან $5 მილიონს ითხოვს.