Tesla Model 3 დამუხტვისას იწვის, თუმცა ბატარეის ბრალი არაა
სავარაუდოდ, ცეცხლი EV-ის ბატარეის პაკეტზე არ გავრცელდა, რამაც მეხანძრეებს ხანძრის ჩაქრობა გაუადვილა.
საბერძნეთში, დამუხტვისას, ახალ Tesla Model 3-ს ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა. ფოტომასალიდან გამომდინარე, დიდი ალბათობით, ხანძარი ელექტრომობილის ბატარეიდან არ გაჩენილა.
ინციდენტი კვირას, ათენის ერთ-ერთ გარეუბანში მოხდა. არსებული ინფორმაციით, შავი Tesla Model 3 Highland-ი ერთ-ერთ სადგურზე იმუხტებოდა, რა დროსაც მას ცეცხლი გაუჩნდა. როგორც პლატფორმა X-ზე განთავსებულ ფოტოზე ჩანს, ხანძრის შედეგად დაზიანდა მანქანის უკანა ნაწილი, ჩამსხვრეულია უკანა მინები, ხოლო ბორბლები დამდნარი. ხანძარი დასამუხტ სადგურზეც გავრცელდა.
ადგილობრივი სამაშველო სამსახურის ცნობით, ხანძრის ჩაქრობა დროულად მოხერხდა. მათივე ინფორმაციით, ცეცხლი მხოლოდ ავტომობილის უკანა ნაწილზე გავრცელდა და არა ბატარეის პაკეტზე. შეზღუდული ცნობებიდან გამომდინარე, შესაძლებელია იმის დაშვება, რომ ხანძარი არა ავტომობილს, არამედ გაუმართავ დამუხტვის კაბელს ან ადაპტერს გაუჩნდა და შემდეგ გადავიდა მანქანაზე.
Ένα Tesla μόλις κάηκε στο πάρκινγκ του Σκλαβενίτη στην Αγία Παρασκευή το είχε αφήσει να φορτίσει. pic.twitter.com/dsgh2d5kk9
— Διονύσης Χατζόπουλος (@dionysis_bdroid) September 22, 2024
მიუხედავად იმისა, რომ კვლევების თანახმად, ნაკლები შანსია ცეცხლი ელექტრომობილს გაუჩნდეს, ვიდრე შიგა წვის ძრავის ავტომობილს, EV-ების ჩაქრობა ბევრად უფრო რთული პროცესია. საქმეს სწორედ ბატარეებზე გაჩენილი ხანძრის ჩაქრობა ართულებს. ამისთვის მეხანძრეები სპეციალურ ტრენინგებსაც გადიან, თუმცა ბატარეის თითოეული ელემენტის დამოუკიდებლად აალების შემთხვევაში, პროცესი რთულდება და უფრო ხანგრძლივიც ხდება.
EV FireSafe-ის მონაცემებით, ელექტრომობილებისთვის ხანძრის გაჩენის შემთხვევებიდან 15% დამუხტვის დროს ხდება. უფრო კონკრეტულად, ბოლო 14 წლის განმავლობაში, გლობალურად გადამოწმებული 490 შემთხვევიდან, 78 ელექტრომობილის დამუხტვას უკავშირდებოდა.