ჯერემი კლარკსონი, Top Gear, ჯეიმს მეი, The Grand Tour, რიჩარდ ჰამონდი
Aa
Aa

ჯერემი კლარკსონი: თანამედროვე მანქანები „ნაგავია“

„არ ვიცი ეს ავტომობილები. უბრალოდ, არ მაინტერესებს“.

თანამედროვე ავტომობილების მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება Top Gear-ისა და Grand Tour-ის ლეგენდარულმა წამყვანმა საჯაროდ კიდევ ერთხელ დააფიქსირა. ამჯერად, თანამედროვე მანქანებს ჯერემი კლარკსონმა „ნაგავი“ უწოდა. 

რამდენიმე დღის წინ, The Grand Tour-ის ბოლო ეპიზოდისთვის წვეულება გაიმართა, სადაც გადაცემის წამყვანები ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვებსაც პასუხობდნენ. როგორც საუბრისას კლარკსონმა აღნიშნა, ის უბრალოდ ვერ ცნობს თანამედროვე მანქანების 80-90%-ს და უფრო მეტიც, არც კი აინტერესებს ისინი: „მე არ ვიცი ეს ავტომობილები და არც მაინტერესებს. როდესაც ისინი წარადგენენ ახალ ჰიბრიდულ ამძრავ სისტემას, ჩემს ყურადღებას ეს ფაქტი არც კი იქცევს“. 

კლარკსონის აზრით, თანამედროვე ავტომობილებს ძველი მანქანები სჯობს, რადგან ისინი უფრო მსუბუქია. მთავარ მაგალითად კლარკსონმა BMW M5 მოიყვანა - მანქანა, რომელიც თითქმის 2 500 კილოგრამს იწონის, საიდანაც მხოლოდ მისი ჰიბრიდული სისტემის წონა 400 კილოგრამს აღემატება. ეს უფრო მეტია ვიდრე Chevrolet Tahoe და Ford F-150, ასე რომ შესაძლოა კლარკსონი მართალიცაა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ ეთერში Grand Tour-ის ბოლო ეპიზოდი გავიდა. ლეგენდარული ტრიოც - ჯერემი კლარკსონი, ჯეიმს მეი და რიჩარდ ჰამონდი - სამუდამოდ დაიშალა. საინტერესოა, რომ კლარკსონმა მაყურებელთა კრიტიკა ბოლო ეპიზოდშიც დაიმსახურა. საზოგადოების აღშფოთება ტელეწამყვანის მხრიდან ელექტრომობილების შეფასებას მოჰყვა, როდესაც მან EV-ებს სარეცხი მანქანები და მიკროტალღური ღუმელები უწოდა, რომელთაგანაც სიამოვნებას ვერ მიიღებ. „ისინი უბრალოდ ... არიან“, - ამ სიტყვებით დაასრულა კლარკსონმა ელექტრომობილებზე საუბარი. 

ცნობისთვის, ლეგენდარული ტრიოს დასასრული გადაცემის დასასრულს არ ნიშნავს. როგორც გაირკვა, Amazon-ი ახალი წამყვანებით Grand Tour-ის გაგრძელებას გეგმავს, თუმცა დამატებით დეტალებს ამ საკითხთან დაკავშირებით ჯერ არ ასაჯაროებს. 

მსგავსი სიახლეები