Ford-ს სურს მოსაწყენი ავტომობილების წარმოება შეწყვიტოს
კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, ინვესტირება Fiesta-სა და Focus-ში „არაფრისმომცემია“.
Ford-ის გუნდმა, რამდენიმე წლის წინ, Fiesta-ს, Focus-ის, Fusion-ისა და Taurus-ის წარმოების შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო და ამ გადაწყვეტილებით, მფლობელების ნაწილიც გაანაწყენა. ეტაპობრივად, Fiesta-სა და Mondeo-ს მოდელების წარმოება შეწყდა ევროპაშიც, Focus-ის ბოლო თაობას კი 2025 წელს ვიხილავთ.
ფაქტობრივად, უკანასკნელი წლებია, ამერიკული ავტომწარმოებელი მისი ცნობილი მოდელებისგან „თავისუფლდება“. ამაზე კი თავად მხოლოდ ერთი პასუხი აქვს. როგორც ჩანს, Ford-მა გადაწყვიტა სამუდამოდ ჩამოშორდეს „მოსაწყენი“ ავტომობილების ბიზნესს და თავი საკულტო მანქანების ბაზარზე დაიმკვიდროს.
ამ საკითხთან დაკავშირებით, კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯიმ ფარლიმ ბრიტანულ ჟურნალ CAR-თან ინტერვიუში ისაუბრა. მისივე თქმით, ეს მოდელები ბევრ მომხმარებელს უყვარდა მაგრამ, მიუხედავად პოპულარობისა, Ford-ის გუნდში სჯერათ, რომ ისეთ მანქანებში, როგორიც მაგალითად Fiesta, Focus-ი და Mondeo-ა, დამატებითი ინვესტიციები უბრალოდ „არაფრისმომცემია“.
ამ მანქანების პირდაპირი ჩანაცვლება არ იგეგმება. ამის სანაცვლოდ, Ford-ი ელექტრო SUV-ების წარმოებას გეგმავს. ახალი ელექტრომობილები Volkswagen-ის MEB პლატფორმაზე შეიქმნება. განიხილება Puma „ქროსოვერის“ ელექტროვერსიის წარმოებაც. თუმცა მიუხედავად ამისა, ავტომწარმოებლის ევროპული განყოფილება 2030 წლის მიზნის გადახედვას გეგმავს, რომლის თანახმადაც კომპანიამ ათწლეულის ბოლოდან მხოლოდ ელექტრომობილები უნდა აწარმოოს.
საკულტო მოდელებს შორის კი, რომლებიც ფარლიმ ინტერვიუსას დაასახელა, მოხვდა ისეთი ავტომობილები, როგორებიცაა Bronco, Mustang-ი და Raptor-ი. Ford-ის აღმასრულებელ დირექტორს ღრმად სწამს, რომ მომავალზე ორიენტირებითა და ინვესტირებით, მათ ახალ ავტომობილებს შეეძლებათ კონკურენცია Porsche-საც გაუწიონ.
ცნობისთვის, ბოლო წლებია ევროპაში Ford-ის გაყიდვები იკლებს. ივნისის მონაცემებით, ევროკავშირსა და გაერთიანებულ სამეფოში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ამ მარკის ავტომობილების გაყიდვები 16.9%-ით დავარდა. შედეგად შემცირდა ბაზრის წილიც - 4.1%-დან 3.3%-მდე.