RB-ი დანიელ რიკიარდოს კონტრაქტს აღარ გაუგრძელებს
გასული კვირის გრან-პრიზე, რბოლის უსწრაფესი წრის დაფიქსირების შემდეგ, ჟურნალისტებთან RB-ის პილოტმა დანიელ რიკიარდომ ემოციურად ისაუბრა. ინტერვიუს შემდეგ ბევრი წერდა, რომ რიკიარდომ „ფორმულა 1“-ში მისი მომავლის შესახებ უკვე იცოდა. ჭორები გამართლდა და რამდენიმე დღის შემდეგ ყველაფერი დადასტურდა. რიკიარდოსა და RB-ის შორის კონტრაქტი აღარ გაგრძელდება, მის ადგილს კი გუნდში ლაიამ ლოუსონი დაიკავებს.
ხუთშაბათს, ნაშუადღევს, RB-მა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც პატივი მიაგო რიკიარდოს წვლილს გუნდის წარმატებაში და მთლიანად, პილოტის ლეგენდარული კარიერაც მიმოიხილა. პოსტის ქვეშ წარწერაც იყო: „მადლობა დანიელ!“. ამ საკითხთან დაკავშირებით, RB-ის ოფიციალურ არხზე კომენტარი გუნდის ხელმძღვანელმა, ლორენტ მეკიესმაც გააკეთა:
„დანიელმა, გუნდს, მისი ფანტასტიკური დამოკიდებულებით, დიდი გამოცდილება და ტალანტი შემატა, რაც ჩვენ ყველას წინსვლაში და გუნდური სულისკვეთების განვითარებაში დაგვეხმარა“.
შესაბამისი განცხადება სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა თავად დანიელ რიკიარდომაც. „ფორმულა 1“-ის ლეგენდარულმა პილოტმა ყველას, ვისაც მის კარიერაში წვლილი მიუძღვის, მადლობა გადაუხადა: „მე ეს სპორტი მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში მიყვარდა. ეს მშვენიერი და ამაღელვებელი გამოცდილებაა. მინდა თითოეულ ადამიანსა და გუნდს, ვისაც ამ ყველაფერში წვლილი მიუძღვის მადლობა გადავუხადო. მადლობა გულშემატკივრებს, რომელთაც ზოგჯერ ეს სპორტი ჩემზე მეტადაც უყვართ. არაფერს არ შევცვლიდი. შემდგომ თავგადასავლამდე!“.
მიუხედავად იმისა, რომ დიდი ალბათობით, სინგაპურში რიკიარდომ ჯერ არ იცოდა, რომ გუნდის დატოვება მოუწევდა, ბევრი თვლის, რომ პილოტი გრძნობდა, რომ ეს მისთვის F1-ში ბოლო რბოლა იქნებოდა. როგორც შემდგომ თავადაც აღნიშნა, მსგავსი მოლოდინები მართლად ჰქონდა და ცდილობდა, რბოლისგან მაქსიმალური სიამოვნება მიეღო.
რიკიარდოს წასვლას გამოეხმაურა არაერთი ცნობილი ადამიანი. მათ შორის იყო კრისტიან ჰორნერი, რომელმაც სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში Red Bull-ში რიკიარდოს პირველი ნაბიჯები გაიხსენა და მას „უფრო მეტი, ვიდრე პილოტი“ უწოდა. რიკიარდოს კარიერას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტებით პატივი მიაგეს მოქმედმა და ყოფილმა პილოტებმაც, მათ შორის: ჰამილტონმა, გასლიმ, რასელმა და სხვ.