Aa Aa
30 სექტემბერი 2024  |  17:59

Volkswagen-ს არ სურს მისი მანქანები „აგრესიულად“ გამოიყურებოდეს

თანამედროვე სპორტული მანქანების დიზაინის უმეტესობა საკმაოდ აგრესიულია: მკაცრი ვიზუალის მაშუქები, მასიური ცხაურები და სპოილერები. თუმცა როგორც აღმოჩნდა, Volkswagen-ს სრულადაც არ სურს მისი მანქანები „აგრესიულად გამოიყურებოდეს“. Top Gear-თან ინტერვიუში, Volkswagen-ის დიზაინის მიმართულების ხელმძღვანელმა ენდი მაინდტმა განაცხადა, რომ „არაფერია ცუდი იმაში, რომ მანქანის დიზაინები შედარებით მეგობრული იყოს“. 

„მე მჯერა, რომ ადამიანების უმეტესობას არ სურს საზოგადოებაში აგრესიული იმიჯი ჰქონდეს. მათ უბრალოდ სურთ, რომ კარგი, მეგობრული გარეგნობის იყვნენ, ბედნიერები და ოპტიმისტები. რა საჭიროა აგრესიულობა? ჩვენი მთავარი სათქმელი ასეთია: უბრალოდ იყავით კარგი ბიჭები“. 

უმეტესწილად, VW-ის ბოლო დროის დიზაინები საკმაოდ მეგობრულია. ID.Buzz-ში ავტომწარმოებლის მოდელებისთვის დამახასიათებელ „გაბრაზებულ თვალებს“ ვხვდებით, თუმცა სხვა მხრივ მას მეგობრული, რეტრო სტილის გარეგნობა აქვს. VW-ის SUV-ების უმეტესობა ასევე საკმაოდ მეგობრულია და GLI და GTI-იც კი - თუნდაც ჩამოწეული ფარებით და დიდი გრილებით - არ იძენს აგრესიულ შეხედულებას. 

მაინდტის განცხადებით, კომპანია ამჟამად ახალ დიზაინებზეც მუშაობს. გავრცელებული ინფორმაციით, გაუმჯობესდება ავტომობილების ინტერიერიც, გაიზრდება ინვესტიცია მაღალი ხარისხის მასალებზეც: „ჩვენ გვსურს მეტი ფული ჩავდოთ მასალებში და ხარისხი გავაუმჯობესოთ“. 

ახლახან VW-მა 2025 წლის Golf R და 2025 Jetta GLI-იც წარადგინა. მომდევნო წლების განმავლობაში, ავტომწარმოებელი, ამერიკის შეერთებული შტატების ბაზრისთვის დამატებით კიდევ რამდენიმე ახალი პროდუქტის გაშვებას გეგმავს. სავარაუდოდ, უახლოეს პერიოდში GTI-ის ელექტროვერსიასაც ვიხილავთ, რომელიც უფრო მეტად საინტერესო იქნება, ვიდრე მისი ბენზინზე მომუშავე ვერსია. 

გაზიარება: