Hyundai-მ კომპანიის ისტორიაში 100-მემილიონე ავტომობილი შექმნა
მძიმე წლების გავლის შემდეგ, Hyundai ჩვეულებრივი სტარტაპიდან მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან ავტომწარმოებლად გადაიქცა. კომპანიის დაარსებიდან 57 წლის შემდეგ, Hyundai-იმ მის ისტორიაში მეასე მემილიონე ავტომობილი გამოუშვა. უფრო მეტად საინტერესო კი ის ფაქტია, რომ 50 მილიონიდან 100 მილიონამდე მიღწევას ავტომწარმოებლისთვის მხოლოდ 10 წელი დასჭირდა.
Hyundai-ის საიუბილეო ავტომობილი მფლობელს სადღესასწაულო ღონისძიების ფარგლებში, სამხრეთ კორეის ულსანის ქარხანაში გადაეცა. ეს ობიექტი განსაკუთრებით დიდ დატვირთვას ატარებს თავად ავტომწარმოებლისთვის და „კორეის საავტომობილო ინდუსტრიის განვითარების სამშობლოდ“ აღიქმება. სწორედ ამ ქარხანაში, 1975 წელს შეიქმნა Hyundai-ისთვის, პირველი, მხოლოდ მის მიერ წარმოებული სერიული ავტომობილი Pony.
ცნობისთვის, თავად Hyundai Motor Company 1967 წელს შეიქმნა და მომდევნო წელსვე Cortina სერიულ წარმოებაში ჩაუშვა. თუმცა მოდელის დასახელებაც ცხადყოფს, რომ ეს ავტომობილი Ford-თან პარტნიორობით შეიქმნა.
1985 წლამდე Hyundai-მ მისი პირველი თაობის Sonata გამოუშვა და Hyundai Motor America დააარსა. ხოლო Hyundai Excel-ი მომდევნო წელს ამერიკის შეერთებული შტატების ბაზარზე გაეშვა და მალევე, ერთ-ერთ ყველაზე გაყიდვად ავტომობილად იქცა.
1992 წლისთვის, Hyundai-ის უკვე 5 მილიონზე მეტი ავტომობილი ჰქონდა წარმოებული და წარდგენილი ჰქონდა კომპანიის პირველი კონცეფციაც, ცნობილი როგორც HCD-I. ექვსი წლის შემდეგ Hyundai-მ Kia Motors-ი შეისყიდა და მასთან ერთად განაგრძო ავტომობილების საერთაშორისო ბაზარზე გაფართოება.
„წარმოების ამ ნიშნულის მიღწევა, ჩვენი კომპანიისთვის უმნიშვნელოვანესი ეტაპია. ეს კი შესაძლებელი სწორედ ჩვენი მომხმარებლების წყალობით გახდა, რომლებიც პირველივე დღეებიდან ირჩევენ და მხარს უჭერენ Hyundai Motor-ს“, - განაცხადა კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა და მომავალი განვითარების პირობა დადო.