8 მიზეზი, თუ რატომ უნდა შევიძინოთ დიზელის ძრავიანი ავტომობილი
Aa
Aa

8 მიზეზი, თუ რატომ უნდა შევიძინოთ დიზელის ძრავიანი ავტომობილი

დღეს მსოფლიოს მასშტაბით დიზელის ძრავები არც თუ ისე პოპულარულია. ნელ-ნელა ჰიბრიდული ავტომობილები ბაზარს და ქუჩებს იპყრობს. ამაზე ისიც მეტყველებს, რომ Toyota-მ უკვე 15 მილიონზე მეტი ასეთი ავტომობილი გაყიდა. ჰიბრიდს პოპულარობაში EV ეცილება. დაბალი ფასის და ეკონომიურობის გამო, ჰიბრიდები ლიდერობს. თუმცა, დიზელის ძრავები ჰიბრიდების გამოჩენამდეც ვერ იგებდა ბევრი ადამიანის გულს. ასეთი ძრავები ყოველთვის ცუდი რეპუტაციით სარგებლობდა. ისინი ცნობილი იყო, როგორც ხმამაღალი და დამაბინძურებელი. დღეს კი ეკოლოგიურობას და გამონაბოლქვის სტანდარტების დაცვას დიდი ყურადღება ექცევა, განსაკუთრებით კი ევროპაში.

ისეთი ავტომწარმოებლები, როგორებიცაა Audi, BMW, Mercedes-Benz და GM ცდილობენ, დიზელის ძრავები ახალი თვალით დაგვანახონ. დღეს ეს ძრავები ხმაურიანი და დამაბინძურებელი აღარაა. უკვე უამრავი მიზეზი არსებობს, რის გამოც დიზელის ძრავიანი მანქანის შეძენა შეიძლება. თქვენ აქ 8 მათგანს გაეცნობით:

1. დიზელის ძრავა ხმაურიანი და დამაბინძურებელი აღარაა.

ახალი ტექნოლოგიისა და დიზელის საწვავი გოგირდის ულტრამცირე შემცველობის წყალობით, დღევანდელი დიზელის ავტომობილები ჩუმია და არც შავ ბოლს გამოყოფს.  

2. მეტი ძალა

არსებობს მიზეზი, რის გამოც სატვირთოები დიზელზეა: მეტ მაბრუნ მომენტს აწარმოებს და უფრო დიდი წონის ბუქსირებას ხდის შესაძლებელს. „აუდის“ ახალი 3-ლიტრიანი TDI დიზელის ძრავა 580ნმ-ს გამოიმუშავებს, მაშინ, როცა TFSI ბენზინის ძრავა 440 ნმ-ს.

3. დიზელის მანქანები უფრო ნელა უფასურდება, ვიდრე ბენზინის

ALG-ის კვლევის თანახმად, 36 თვეს ფასს დიზელის მანქანების 63% ინარჩუნებს, 53% ბენზინის, ხოლო 55% ჰიბრიდის შემთხვევაში.

ეს შესაძლოა იმის გამოც იყოს, რომ ბაზარზე გაცილებით ნაკლები დიზელზე მომუშავე ავტომობილია, ვიდრე ბენზინზე. შედარებით ეკონომიურია და მასზე მოთხოვნა მაღალია. ამ მოთხოვნას ხანდახან ბაზარი ვერ აკმაყოფილებს და ფასიც მაღალია.

4. EPA ეკონომიურობას არ აბუქებს

„ფორდს“ რამდენიმე კომპანიამ იმის გამო უჩივლა, რომ მათ C-Max-ისა და Ford Fusion Hybrid-ის ტესტის შემთხვევაში ითაღლითეს. ხშირად EPA-ს ტესტის შედეგი და რეალური საწავის მოხმარება ერთმანეთს არ ემთხვევა. დიზელის შემთხვევაში ეს ასე არ არის. დიზელის ძრავიან ავტომობილებზე ავტოგამოცემების ჩატარებული ტესტები ადასტურებს, რომ ეს მანქანები იმაზე ეკონომიურიც კია, ვიდრე EPA აფასებს.

5. უფრო მეტ ენერგიას გამოყოფს

ბენზინს და დიზელს თითქმის ერთი ფასი აქვს. თუმცა, კვლევების თანახმად, დიზელი 25%-30%-ით მეტ ენერგიას გამოიმუშვებს. მაგალითად, BMW 328d უფრო ნაკლებ საწვავას მოიხმარს, ვიდრე Smart fortwo კუპე. მაშინ, როცა BMW-ს 180 ცხენის ძალა აქვს. Smart-ს კი - 70.

6. სხვა ძრავიან ავტომობილებზე იაფი ღირს

LMC Automotive-ის თანახმად, ახალი დიზელის ავტომობილები საშუალოდ $2,500-ით ნაკლები ღირს, ვიდრე ბენზინის. ჰიბრიდის შემთხვევაში ეს განსხვავება $4,100-ია, EV-ის შემთხვევაში კი დაახლოებით $13,000.

7. მისი ჩასასხმელი ადგილის პოვნა ადვილია

ელექტრო მანქანების პრობლემა მისი დასამუხტი ადგილის პოვნაა. საქართველოში კი დიზელის ჩასხმა თითქმის ყველა ბენზინგასამართ სადგურზეა შესაძლებელი

8. დიზელი „ლე მანის 24 საათს“ იგებს

2006-წლიდან, მანქანების უმეტესობა, რომლებმაც „ლე მანის 24 საათი“ მოიგო, დიზელს მოიხმარდა. მაგალითად, Audi R10 TDI, Peugeot 908 HDi FAP-ი, Audi R15 TDI plus-ი, Audi R18 TDI და Audi R18 e-tron quattro. 

Audi R18 TDI
ეს არის ის ძირითადი მიზეზები, რის გამოც დიზელის ძრავები პატივისცემას იმსახურებს. ეს ძრავები დღითი დღე უკეთესობისკენ იცვლება და თანაც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამაზე გერმანელები ზრუნავენ. ასე რომ, თუ ავტომობილის ყიდვას გადაწყვეტთ, დიზელის ძრავიანს სიიდან ნუ ამოიღებთ.

მსგავსი სიახლეები