Aa Aa
3 ოქტომბერი 2024  |  13:32

Nissan Rogue-ს მფლობელები სალონში ბენზინის სუნის გამო ჩივიან

პოტენციური დეფექტი მხოლოდ იმ ავტომობილებს შეეხებათ, რომლებიც Nissan-ის 1.5-ლიტრიანი, 3-ცილინდრიანი ძრავებითაა აღჭურვილი. 

მესამე თაობის Nissan Rogue-ი, შესაძლოა წინამორბედებთან შედარებით რიგი გაუმჯობესებებით გამოირჩეოდეს, თუმცა უნაკლო ნამდვილად არ არის. ახლახან შეტანილი სარჩელის თანახმად, გარკვეული დეფექტები ამ მოდელსაც აღენიშნება. როგორც მომხმარებლები აცხადებენ, 2021-2023 წლების მოდელებს ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა აქვთ: ბენზინის ორთქლის სუნი მანქანის სალონში აღწევს. 

სავარაუდოდ, ეს პრობლემა წნევის მარეგულირებელ ვენტილაციის (PCV) სისტემაში არსებული დეფექტით უნდა იყოს გამოწვეული. მომხმარებელთა სარჩელი ამერიკის შეერთებული შტატების საოლქო სასამართლოს უკვე წარედგინა.

მოსარჩელეთა მტკიცებით, საქმე Rogue-ის მხოლოდ იმ მოდელებს ეხებათ, რომლებიც Nissan-ის 1.5-ლიტრიანი, 3-ცილინდრიანი ძრავებითაა აღჭურვილი. მათივე მტკიცებით, PCV-ის სისტემის გაუმართაობის გამო, ბენზინის სუნი მანქანის სალონში აღწევს, რაც ერთი მხრივ დისკომფორტს უქმნის მგზავრებს, ამასთან ერთად კი, უსაფრთხოებისთვის პოტენციურ რისკებსაც წარმოქმნის. 

ერთ-ერთმა მოსარჩელემ 2023 წლის Rogue-ი დეკემბერში, Nissan-ის უფლებამოსილი დილერისგან, Jeffrey Automotive Group-ისგან შეიძინა. ავტომობილის შესყიდვიდან მალევე, მან სალონში გაზის უსიამოვნო სუნი შეამჩნია და პრობლემის გამოსასწორებლად სადილეროს მიაკითხა. როგორც მას ადგილზე განუცხადეს, ისინი მსგავსი შემთხვევების შესახებ უკვე იყვნენ ინფორმირებულნი, თუმცა პრობლემის გამოსწორება არ შეეძლოთ. 

ანალოგიურად, კიდევ ერთმა მოსარჩელემ, 2023 წლის Rogue-ის შეძენიდან სულ რაღაც ერთ თვეში სალონში ბენზინის უსიამოვნო სუნი იგრძნო. ამ შემთხვევაშიც, სადილეროს, პრობლემასთან დაკავშირებით უკვე ჰქონდა ინფორმაცია, თუმცა მასაც განუცხადეს, რომ Nissan-ს ამ დეფექტის გამოსასწორებლად გამოსავალი არ ჰქონდა. 

სარჩელში, რომელიც სასამართლოსთან ერთად, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ეროვნულ ადმინისტრაციაშიცაა შეტანილი, დამატებით კიდევ რამდენიმე მძღოლია მოხსენიებული. ერთ-ერთი მეპატრონის მტკიცებით, ბენზინის სუნი იმდენად ძლიერია, რომ თავის ტკივილს და თაბრუსხვევის შეგრძნებასაც აჩენს. 

Nissan-მა სასამართლოს საქმის შეწყვეტის მოთხოვნით მიმართა. Nissan-ის განცხადებით, სარჩელი ანონიმურ ონლაინ საჩივრებს ეყრდნობა და საკმარისი საფუძველი არ არსებობს დავის გასაგრძელებლად. 

გაზიარება: