Aa Aa
3 ოქტომბერი 2024  |  15:02

Toyota ყოველდღიურად 800-ზე მეტ Camry-ის ყიდის

Toyota-მ, ცოტა ხნის წინ, ამერიკის შეერთებული შტატების ბაზრისთვის, 2024 წლის მესამე კვარტლის შედეგები გამოაქვეყნა. ახალი ანგარიშიდან ირკვევა, რომ ავტომწარმოებლის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მოდელი - Toyota Camry - მომხმარებლებში კვლავ შესამჩნევი პოპულარობით სარგებლობს. 

მიმდინარე წლის მესამე კვარტლის მონაცემებით, აშშ-ში Camry-ს გაყიდვები, გასულ კვარტალთან შედარებით, 1.7%-ითაა გაზრდილი და 22 934 ერთეულს აღწევს. წლიურ ჭრილში განსხვავება კი უფრო მეტად შესამჩნევია. კერძოდ, ანგარიშის თანახმად, მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში, პირველ ცხრა თვეში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, Camry-ის გაყიდვები 4.4%-ით გაიზარდა და 227 576 ერთეული შეადგინა.

გამოდის, რომ დღიურად, პირველი იანვრიდან 30 სექტემბრამდე პერიოდში, იაპონურმა მწარმოებელმა აშშ-ში საშუალოდ 833.6 ერთეული Camry გაყიდა. ეს რიცხვი კი ბევრად უფრო გაიზრდება, თუ გასაყიდ დღეებში მხოლოდ სამუშაო დღეებს ჩავთვლით, რადგან ეროვნული არდადეგების გარდა, ქვეყნის რამდენიმე შტატში სადილეროების გახსნა კვირა დღესაც კი აკრძალულია. 

კარგი წელი გამოდგა Corolla-სთვისაც. სექტემბრის ჩათვლით, ავტომობილის მიწოდება 6.9%-ით გაიზარდა და 177 092 ერთეული შეადგინა. გამოდის რომ იმავე პერიოდში, კომპანია დღეში საშუალოდ 648.6 Corolla-ს ყიდდა. თუმცა Camry-სგან განსხვავებით, Corolla ხელმისაწვდომია ჰეჩბეკის სახითაც და ამასთან ერთად აქვს სპორტული GR ვერსიაც.

მიუხედავად ამისა, ავტომწარმოებლის ძლიერ მხარედ კვლავ მაინც SUV-ები რჩება. მიმდინარე წლის პირველ ცხრა თვეში, RAV4-ის 350 331 ერთეული გაიყიდა - გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 15.7%-ით მეტი. იმავე გამოანგარიშებით, ყოველდღიურად საშუალოდ 1 283 ერთეული RAV4 იყიდებოდა. 

ამ მოდელების საშუალებით, ზედიზედ უკვე მეოთხე წელია, Toyota მსოფლიოში უმსხვილესი ავტომწარმოებლის სტატუსს ინარჩუნებს. 2023 წელს, კომპანიის გაყიდვებმა 9 483 137 ავტომობილს მიაღწია. პარალელურად გაუმჯობესდა მის საკუთრებაშივე არსებული ძვირად ღირებული ბრენდის, Lexus-ის შედეგები. ბოლო მონაცემებით, Lexus-ის მოდელების გაყიდვები 132%-ით, 824 258 ერთეულამდეა გაზრდილი. 

გაზიარება: