კიანუ რივზი Toyota GR86-ის თასზე
მომდევნო შაბათ-კვირას, ჰოლივუდის ვარსკვლავსა და ბევრისთვის კინოინდუსტრიაში ალბათ ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ადამიანს, სრულიად განსხვავებულ ამპლუაში ვიხილავთ. კიანუ რივზის გამოჩენას ამჯერად Indianapolis Motor Speedway-ზე უნდა ველოდოთ, თუმცა ის დამსწრეთა შორის ნამდვილად არ იქნება.
კანადელი მსახიობი მონაწილეობას Toyota GR Cup-ში მიიღებს და მის სარბოლო შესაძლებლობასაც კიდევ ერთხელ გამოცდის. რეალურად, ეს მისთვის ახალი გამოცდილება სულაც არ იქნება, რადგან მსახიობი სარბოლო მანქანის საჭესთან აქამდეც გვინახავს.
რბოლასთან დაკავშირებით, რივზმა, სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა და ღონისძიების ორგანიზატორებს, ამ შესაძლებლობისთვის მადლობა გადაუხადა. მსახიობს დამატებითი დეტალები არ გაუსაჯაროებია, თუმცა როგორც ცნობილია, მასთან ერთად რბოლაში მონაწილეობას YouTube-ის ვარსკვლავი კოდი ჯონსიც მიიღებს. Dude Perfect-ის არხის შემქმნელისთვის კი ეს, მართლაც, პირველი სარბოლო გამოცდილება იქნება.
რაც შეეხება რივზის რეგალიებს: ტრასაზე მსახიობის ბოლო გამოჩენიდან არც თუ ისე მცირე დროა გასული. რივზმა 2009 და 2010 წლებში მონაწილეობა დიდი ხნის მივიწყებულ Long Beach-ის რბოლაში მიიღო. რბოლა ცნობილი სახეებისთვის იმართებოდა.
რივზმა 2009 წლის რბოლაში გამარჯვება მოიპოვა, თუმცა 2010 წლის მცდელობა შედარებით წარუმატებელი აღმოჩნდა. ამის გამო, შემდეგ წლებში, მსახიობი Long Beach-ს საკუთარი ნებით ჩამოშორდა. ამის მიუხედავადაც, რბოლისადმი მის სიყვარულს ის ფაქტი ადასტურებს, რომ რივზს Formula 1-ის ვიზიტორთა შორის ხშირად ვხედავთ.
GR Cup-ში მონაწილეობა კი რივზის მხრიდან საკმაოდ გამბედავი ნაბიჯია. თანაც მისი მცირე გამოცდილების გათვალისწინებით, ვინაიდან ეს ღონისძიება დღეს, ერთ-ერთ ყველაზე კონკურენტუნარიან რბოლად ითვლება. რივზს არც მხოლოდ ცნობილ სახეებთან მოუწევს გამკლავება. აქვე გეტყვით, რომ ამ რბოლისთვის Toyota GR86-ის მოდელები სპეციალური შეკვეთით მზადდება, მცირედი მოდიფიკაციებით, თუმცა ძირითად შემთხვევებში ისინი საგზაო ავტომობილების მსგავსია.