Aa Aa
4 ოქტომბერი 2024  |  14:36

Tesla-მ, ერთ წელში უკვე მეხუთედ, Cybertruck-ი უკან გაიწვია

ტექნიკური ხარვეზის გამო, Cybertruck-ის უკანა ხედვის კამერა შესაძლოა 8 წამი არ ჩაირთოს. ეს კი, დაშვებულ ლიმიტს, 6 წამით აღემატება. 

ელექტრომობილების ამერიკულმა მწარმოებელმა Tesla-მ, ერთი წლის განმავლობაში უკვე მეხუთედ, Cybertruck-ის უკან გაწვევის გადაწყვეტილება მიიღო. მასკის მიერ დაარსებული კომპანიის ბოლო განცხადება 27 185 ერთეულ მანქანას შეეხება. გავრცელებული ინფორმაციით, მოდელები, ავტომობილების უსაფრთხოების ფედერალურ სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებენ. 

სამთავრობო უწყების განცხადებით, მაშინ, როდესაც ავტომობილი ითიშება, შემდეგ კი თავიდან იღებს ბრძანებას ჩართვის შესახებ, უკანა ხედვის კამერაზე გამოსახულება გარკვეული პერიოდის განმავლობაში შეიძლება არ გამოჩნდეს. მაგრამ, დასაშვები ლიმიტი, მხოლოდ 2 წამითაა განსაზღვრული. კანონის თანახმად, მძღოლები უკანა სვლით გადაადგილებისას, გამოსახულებას უნდა ხედავდნენ. სხვა შემთხვევაში, ამან შესაძლოა საფრთხე შეუქმნას მძღოლსა და გარშემომყოფებს. 

უსაფრთხო საგზაო მოძრაობის ეროვნული ადმინისტრაციის (NHTSA) ინფორმაციით, Cybertruck-ის უკანა ხედვის კამერები შესაძლოა 8 წამის განმავლობაში არ ჩაირთოს, რაც დაშვებულ ლიმიტზე 6 წამით მეტია. თუმცა, ადმინისტრაციაც მიუთითებს, რომ 6-წამიანი სხვაობა დიდი პრობლემა არაა, რადგან მანქანის უკან გამოყვანის დროს, მძღოლს შეუძლია გვერდითი ხედვის სარკეებიც გამოიყენოს.

თუმცა ფაქტი ერთია: Cybertruck-ი კანონით განსაზღვრულ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს და შესაბამისად, ამ დეფექტის გამოსწორებად მოუწევს. მაგრამ Tesla-სთვის ეს პრობლემა მარტივად აღმოსაფხვრელი აღმოჩნდა და ელექტრომობილების მწარმოებელმა უფასო პროგრამული უზრუნველყოფის განახლებაც მალევე წარადგინა. 

გაზიარება: