Aa Aa
4 ოქტომბერი 2024  |  15:57

მექანიკოსის დაუდევრობის გამო, Porsche-ს მფლობელმა $151 000 მიიღო

ავტომობილის გაფუჭების შემდეგ, პირველი რასაც თითქმის ყველა მძღოლი აკეთებს, მანქანის მექანიკოსთან მიყვანაა. თუმცა ყველა პროფესიაში შეიძლება ისეთი ადამიანის პოვნა, რომელიც თავისი საქმის პროფესიონალი არ არის. Porsche 911-ის ერთ-ერთ მძღოლს, სწორედ მსგავს მექანიკოსთან უწევდა 11 წელი გამკლავება, საბოლოოდ დავა კი სასამართლოს დახმარებით გადაწყვიტა. 

2008 წელს, ოქსფორდის უნივერსიტეტის მკვლევარმა, დოქტორმა პენელოპა ჰორლიკმა, 1997 წლის Porsche 911 შეიძინა და რამდენიმე წლის განმავლობაში თავისი ავტომობილით უპრობლემოდაც სარგებლობდა. თუმცა 2010 წელს, ორმოში ჩავარდნის შედეგად, მანქანის ქვედა ნაწილი დაზიანდა, რამაც ბენზინის გაჟონვა გამოიწვია. ამის შემდეგ, მან ავტომობილი შესაკეთებლად JJ Engineering-ში მიიყვანა, სადაც Porsche დაიტოვეს, მფლობელს კი უთხრეს, რომ მანქანის შეკეთება $12 ათასი დაჯდებოდა. 

თვეები გავიდა, თუმცა მფლობელისთვის ავტომობილი არ დაუბრუნებიათ. JJ Engineering-ში ამტკიცებდნენ, რომ Porsche-ს შეკეთება თითქმის დასრულებული იყო, თუმცა კონკრეტულ ვადებს არ ასახელებდნენ. თვეები წლებად გადაიქცა. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში კი, JJ Engineering-ის მფლობელი აცხადებდა, რომ დაზიანებულ 911-ს ძრავის სრულად აღდგენა ესაჭიროებოდა, ახლა კი, ავტომობილის ფლობაზე სრული უფლება არა ჰორლიკს, არამედ მას გააჩნდა. JJ Engineering-ის მფლობელის თქმით, ჰორლიკს მისთვის ავტომობილის შენახვის ხარჯები უნდა გადაეხადა. 

2020 წლის მარტში, უნივერსიტეტის მკვლევარმა სასამართლოს მიმართა. მხოლოდ ამის შემდეგ შეძლო ჰორლიკმა კუთვნილი Porsche-ს უკან დაბრუნებაც. თუმცა, გამოცემების ინფორმაციით, მანქანიდან ისეთი მნიშვნელოვანი ნაწილები, როგორიც ძრავა და გადაცემათა კოლოფია, ამოღებული იყო. დოქტორმა ჰორლიკმა JJ Engineering-ის ხელმეორედ უკვე ხელშეკრულების დარღვევის გამო უჩივლა და კომპენსაციაც მოითხოვა. 

მოსამართლემ დაადგინა, რომ მექანიკოსი წლების განმავლობაში, მრავალჯერადი მოთხოვნის მიუხედავად, ჰორლიკს ავტომობილის უკან დაბრუნებაზე უარს ეუბნებოდა. ასევე, სასამართლოს გადაწყვეტილებით დამტკიცდა, რომ მექანიკოსმა კონტრაქტით გათვალისწინებული პირობებიც დაარღვია, მანქანას კი, ძრავის ამოღებისა და დიაგნოსტიკის გარდა, კიდევ რამდენიმე არასაჭირო სამუშაოც ჩაუტარდა. 

მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად, სასამართლომ ბრალდებულს $151 ათასის გადახდა დააკისრა. 

გაზიარება: