Aa Aa
4 ოქტომბერი 2024  |  19:50

მარკ ცუკერბერგი CT5-V Blackwing-ს მართავს

ბოლო პერიოდში, Meta-ს დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი, ფართო საზოგადოების წინაშე მისი რეპუტაციის გაუმჯობესებისთვის, აქტიურად მუშაობს. მარკს არაჩვეულებრივი დამოკიდებულება აქვს კრიტიკოსებთან, რასაც სოციალურ ქსელში მისი განცხადებებიც ადასტურებს და უფრო მეტიც: მილიარდერმა ცვლილებები გარეგნობაშიც კი შეიტანა და ვარცხნილობა შეიცვალა. 

თუმცა ავტომოყვარულებისთვის ამ შემთხვევაში საინტერესო სხვა ფაქტია. კერძოდ კი ის, რაც მილიარდერის კარგ საავტომობილო გემოვნებაზე მიუთითებს. როგორც აღმოჩნდა, ცუკერბერგმა ამჯერად Cadillac-ის საჭესთან გადაინაცვლა და თანაც, თითქმის ყოველდღიურად, ის Cadillac CT5-V Blackwing-ს მართავს. 

ცუკერბერგის არჩევანით Hoonigan-ის თანადამფუძნებელი ბრაიან სკოტო დაინტერესდა. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტის საშუალებით, სკოტომ მილიარდერს მიმართა და იკითხა, თუ რომელ ავტომობილს ატარებდა იგი. შეკითხვის საპასუხოდ, ცუკერბერგმაც სოციალური ქსელი აირჩია:

„ამ დღეებში ძირითადად Cadillac CT5-V Blackwing-ს. თუმცა ზოგჯერ სხვა ავტომობილებსაც“. თუმცა ავტომოყვარულებისთვის მილიარდერის პასუხი ამომწურავი მაინც არაა, რადგან ცუკერბერგს არ დაუკონკრეტებია, მისი მანქანა მექანიკურია, თუ ავტომატური გადაცემათა კოლოფითაა აღჭურვილი. 

View this post on Instagram

A post shared by Mark Zuckerberg (@zuck)

ცნობისთვის, Blackwing CT5-ის განახლებები და ახალი პაკეტები, ავტომწარმოებელმა ახლახან წარგვიდგინა. ამის მიუხედავად, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ცუკერბერგი რომელიმე ამ ვერსიას მართავდეს. შედარებით მცირე ხნის წინ დაიწყო ფეისლიფტირებული CT5-ების წარმოება. ეს მოდელები 668 ცხენის ძალას გამოიმუშავებს და V8 ძრავითაა აღჭურვილი. 2025 წლის CT5-ები კი, ჯერ კომპანიის ვებგვერდზეც არ არის ხელმისაწვდომი. 

გაზიარება: