ტოპ 10 | მანქანები, რომლებსაც არავინ ყიდულობს
მსოფლიოს წამყვანმა ავტომწარმოებლებმა 2024 წლის მესამე კვარტლის შედეგები გამოაქვეყნეს. სიის სათავეში, ტრადიციულად, რამდენიმე ყველაზე პოპულარული მოდელი ვიხილეთ: Ford F-150, Toyota Camry, Chevrolet Silverado და სხვა. ყველაზე გაყიდვად მოდელებთან ერთად, ანგარიშში ავტომწარმოებლებმა იმ მოდელების სიაც გამოაქვეყნეს, რომლებიც წელს პრაქტიკულად არ იყიდება.
აღმოჩნდა, რომ მოდელების ნაწილი, მძღოლებს უბრალოდ არ აინტერესებთ. შესაბამისად, მათი გაყიდვების მაჩვენებელიც, ძალიან დაბალ ნიშნულზეა. უფრო მეტიც, ამ ცხრილში ისეთი ძვირად ღირებული ავტომწარმოებლების მოდელებსაც კი ვხვდებით, როგორებიც Lexus-ი, BMW, Audi და სხვები არიან.
სიის პირველ ადგილზე Hyundai Nexo-ა წარმოდგენილი. 2024 წლის მონაცემებით, სამხრეთ კორეულმა კომპანიამ Nexo-ს მხოლოდ 89 ერთეული გაყიდა. ეს მოდელი ცხრილში ერთადერთია, რომლის გაყიდვების მაჩვენებელიც წელს 100 ერთეულს ჩამორჩება. სიის მეორე პოზიციაზე Toyota Mirai-ა, 346 ერთეულით, შემდგომ კი Fiat 500 მოდის - 2024 წელს გაყიდული 439 ავტომობილით.
სხვა შემთხვევაში, ყველა მოდელის გაყიდვების მაჩვენებელი აღემატება 1,000-იან ნიშნულს, თუმცა, შედეგიანი წელი ნამდვილად არ ჰქონიათ. მათგან გამორჩეულია Lexus-ი, რომელმაც შარშანდელთან შედარებით გაყიდვების მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაზარდა, მაგრამ ეს შედეგები LC-ისა და RC-ის მოდელებზე არ ასახულა. ავტომწარმოებელმა, 2024 წელს, ამ მოდელების 1 294 და 1 370 ერთეული გაყიდა. გავრცელებული ხმებით, უახლოეს მომავალში შესაძლოა ავტომწარმოებელმა ამ მოდელების წარმოება შეწყვიტოს.
რაც შეეხება BMW-ს: გერმანული ავტომწარმოებლისთვის ყველაზე ცუდი შედეგები წელს Z4-ისა და XM-ის მოდელებმა დააფიქსირეს. 2024 წლის პირველ ცხრა თვეში Z4-ის მხოლოდ 1 471, ხოლო XM-ის 1 385 ერთეული გაიყიდა.