კახეთის 4 ზოლიანი გზის პირველი 35 კმ-იანი მონაკვეთი გაიხსნა
კახეთის 4 ზოლიანი მაგისტრალური გზის პირველი 35 კმ-იანი მონაკვეთი გაიხსნა და თბილისიდან საგარეჯომდე ტრანსპორტი უკვე ჩქაროსნული გზით ისარგებლებს.
თბილისი-საგარეჯოს მაგისტრალურ გზაზე აშენდა 35 კმ-იანი ასფალტ-ბეტონისა და ცემენტ-ბეტონის 4 ზოლიანი გზა, 46 საავტომობილო, 4 სარკინიგზო და 1 სამელიორაციო ხიდი, მოეწყო 8 მიწისქვეშა გადასასვლელი, 148 წყალგამტარი და 19 სამელიორაციო მილი.
მაგისტრალი გვერდს უვლის ოთხ მჭიდროდ დასახლებულ სოფელსა და ქალაქს: ვაზიანს, სართიჭალას, ნინოწმინდას, საგარეჯოს, რითაც განტვირთავს მოძრაობას დასახლებებში, გაანახევრებს გადაადგილების დროს და სამჯერ გაზრდის ავტოტრანსპორტის გამტარობას.
თბილისი-საგარეჯოს მაგისტრალური გზა სრულ შესაბამისობაშია საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების თანამედროვე სტანდარტებთან და უზრუნველყოფილია განათების სისტემით.
თბილისი-სგარეჯოს 35 კმ-იანი საერთაშორისო მაგისტრალური გზა თბილისის კახეთთან დამაკავშირებელი ძირითადი საგზაო ქსელის და აზერბაიჯანთან დამაკავშირებელი საერთაშორისო სატრანზიტო დერეფნის ნაწილია.
გზის მშენებლობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან 533 502 661 მილიონი ლარით დაფინანსდა.