კიანუ რივზი, Indianapolis Motor Speedway, Toyota GR86 Cup
Aa
Aa

რა შედეგი დააფიქსირა კიანუ რივზმა Toyota GR86-ის თასზე?

გასულ შაბათ-კვირას Toyota GR86 Cup-ი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა ჰოლივუდის ვარსკვლავმა კიანუ რივზმა მიიღო. რივზისთვის ეს პირველი სარბოლო გამოცდილება არ ყოფილა, რადგან მსახიობი წლების წინ Long Beach-ის რამდენიმე ჩემპიონატშიც მონაწილეობდა. თუმცა ეს კონკრეტული შემთხვევა, გასულ რბოლებთან შედარებით, ბევრად დაძაბული აღმოჩნდა.

ამჯერად, კანადელმა მსახიობმა ძალები Indianapolis Motor Speedway-ზე გამოცადა. შედარებით ახალბედა მრბოლელის დებიუტი კი, რიგი წინააღმდეგობების მიუხედავად, საკმაოდ წარმატებული გამოდგა. ტრასის გარკვეულ მონაკვეთზე, მსახიობმა საჭის დამორჩილება ვერ შეძლო, თუმცა ბარიერებისთვის თავის არიდება მაინც მოახერხა. რივზმა რბოლა 31-ე პოზიციიდან დაიწყო და 25-ე პოზიციაზე დაასრულა.

რბოლისას მიღებულ ემოციებზე რივზმა სოციალური ქსელის საშუალებით ისაუბრა: „გამარჯობა, მე ვარ კიანუ რივზი, ნომერი 92. დღევანდელი, პირველი სესიის გამოცდილება, ფანტასტიკური იყო“. 

მეორე რბოლას რივზი 29-ე პოზიციიდან დაიწყებს. ეს შედეგი 6 წამით მეტია, ვიდრე პოლ-პოზიციის მფლობელ, სპაიკ კოლბეკერის დაფიქსირებული დრო- 1:39.595. GR თასის 2024 წლის ჩემპიონი, გრიშამ ვაგნერი, მის გვერდით, პირველივე რიგში იქნება. 

როგორც გითხარით, წლევანდელ ჩემპიონატში შედგა YouTebe-ის ვარსკვლავის, კოდი ჯონსის დებიუტიც. Dude Perfect-ის არხის შემქმნელმა რბოლა 23-ე პოზიციაზე დაასრულა. 

რაც შეეხება რივზის რეგალიებს: ტრასაზე მსახიობის ბოლო გამოჩენიდან არც თუ ისე მცირე დროა გასული. რივზმა 2009 და 2010 წლებში მონაწილეობა დიდი ხნის მივიწყებულ Long Beach-ის რბოლაში მიიღო. რბოლა ცნობილი სახეებისთვის იმართებოდა. რივზმა 2009 წლის რბოლაში გამარჯვება მოიპოვა, თუმცა 2010 წლის მცდელობა შედარებით წარუმატებელი აღმოჩნდა. ამის გამო, შემდეგ წლებში, მსახიობი Long Beach-ს საკუთარი ნებით ჩამოშორდა.

აქვე გეტყვით, რომ ამ რბოლისთვის Toyota GR86-ის მოდელები სპეციალური შეკვეთით მზადდება, მცირედი მოდიფიკაციებით, თუმცა ძირითად შემთხვევებში ისინი საგზაო ავტომობილების მსგავსია.

მსგავსი სიახლეები