Aa Aa
7 ოქტომბერი 2024  |  15:56

ანჯელინა ჯოლი 1958 წლის Ferrari 250 GT-ის ყიდის

ერთ-ერთი უიშვიათესი იტალიური ავტომობილი აუქციონზე 20 ნოემბერს გამოჩნდება. 

იშვიათი Ferrari ყოველთვის საკმაოდ ძვირი ჯდება. ეს დაუწერელი კანონი ვრცელდება, როგორც სრულიად ახალ მოდელებზე, ასევე სავალალო მდგომარეობაში მყოფ ავტომობილებზეც კი. და რა ხდება მაშინ, როდესაც აუქციონზე Ferrari-ის ერთ-ერთი უიშვიათესი მოდელი გამოდის, რომლის მფლობელიც ანჯელინა ჯოლია?

მსახიობ და მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ქალად დასახელებული ანჯელინა ჯოლის პირადი ავტომობილი აუქციონზე გამოდის. 1958 წლის Ferrari 250 GT გასაყიდად 20 ნოემბერს გამოჩნდება. 

იტალიურმა ავტომწარმოებელმა 1958 წლის Ferrari 250 GT-ის მხოლოდ 353 ეგზემპლარი შექმნა, რომელთაგან ჯოლის საკუთრებაში არსებული Ferrari მხოლოდ მეთერთმეტეა. მოდელი 3-ლიტრიანი, Colombo V12-თა და 5-სიჩქარიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფითაა აღჭურვილი. ექსტერიერი იშვიათ შავ, ხოლო ექსტერიერი წითელ ფერშია. აქვე გეტყვით, რომ ჯოლის Ferrari 250 GT-ს მხოლოდ 10 000 კილომეტრი აქვს დაფარული. 

ავტომწარმოებელმა 250 GT 1958 წლის Paris Motor Show-ზე წარადგინა. ცნობისთვის, ავტომობილის დიზაინზე Pininfarina-მ იმუშავა, ხოლო დისკები Borrani-ის მიერაა შექმნილი. 

ამ ეტაპზე გაურკვეველია თუ რა მიზეზით ყიდის მსახიობი ავტომობილს. თუმცა უკვე რამდენიმე წელია, რაც ჯოლი Ferrari 250 GT-ის საჭესთან აღარ შეგვიმჩნევია. როგორც ჩანს, ეს სწორედ ის ავტომობილია, რომელსაც ჯოლი, წლების წინ პარფიუმერიის სარეკლამო რგოლში მართავდა. 

ჩვეულებრივ, Ferrari-ს ეს მოდელები დაახლოებით ნახევარი მილიონი დოლარის ფარგლებში იყიდება. მაგრამ, ამ შემთხვევაში, შესაძლოა ჯოლის გავლენით, ავტომობილის ფასიც გაიზარდოს. სავარაუდოდ, Christie's-ის აუქციონის სახლი ცნობილი მსახიობის მანქანას $660,000-დან $880,000-მდე შეაფასებს. აუქციონი 20 ნოემბერს დაიწყება. 

გაზიარება: