რატომ წყვეტს Tesla ყველაზე ხელმისაწვდომი მოდელის წარმოებას?
ამერიკის შეერთებული შტატების ბაზარზე, Tesla-მ, ყველანაირი ოფიციალური განცხადების გარეშე, კომპანიის ყველაზე ხელმისაწვდომი ელექტრომობილის წარმოება შეაჩერა.
პარალელურად კი, მესამე კვარტლის ანგარიში გამოაქვეყნა. როგორც აღმოჩნდა, გასულ კვარტალთან შედარებით, Tesla-ს მიერ წარმოებული და გაყიდული ავტომობილის რაოდენობა მზარდია. და ეს, იმის მიუხედავადაც, რომ ელექტრომობილების ამერიკული მწარმოებელი ხელმისაწვდომ მოდელებზე უარს ამბობს. ფაქტია, მის გარეშეც, Tesla ახერხებს ბიზნესის შემოსავლისა და წარმოების ზრდას.
ეს ავტომობილი Model 3-ია - სვლის სტანდარტული მარაგის მქონე უკანა ამძრავი, რომლის ფასიც გამოსვლისას $38 990-ს უტოლდებოდა. შედეგად, ამჟამად, ამერიკული კომპანიის ყველაზე ხელმისაწვდომი მოდელი სვლის დიდი მარაგის მქონე უკანა ამძრავია, რომლის ფასიც $42 490-ია. ფასის ზრდამ შესაძლოა ბევრი გაანაწყენოს, თუმცა ეს ისტორია ამით არ სრულდება.
სვლის სტანდარტული მარაგის მქონე Model 3 ჩინეთში წარმოებულ ლითიუმ-იონურ ბატარეებს იყენებდა. აქედან გამომდინარე, Model 3-ის ამ ვერსიას $7 500-იანი საგადასახადო შეღავათი არ ეხებოდა. თუმცა სვლის დიდი მარაგის მქონე ვერსიის შემთხვევაში, ადგილობრივი წარმოების ბატარეა გამოიყენება. შედეგად, Model 3-ის ამ ვერსიაზე შეღავათი ვრცელდება და მისი ფასიც $34 990-მდე მცირდება. ეს უფრო იაფია, ვიდრე Tesla-ს აწ უკვე ყოფილი, ყველაზე ხელმისაწვდომი ავტომობილის ღირებულება.
Model 3-ის წარმოების შეწყვეტის გადაწყვეტილება, Tesla-ს მიერ კვარტალური ანგარიშის გამოქვეყნების პერიოდს ემთხვევა. ახალი ანგარიშით, მესამე კვარტალში, ამერიკულმა კომპანიამ 469 796 მანქანა აწარმოვა, 462 890 ერთეული კი გაყიდა. ამ პერიოდში წარმოებულ ავტომობილებს შორის იყო: 443 668 ერთეული Model 3 და Model Y, დარჩენილი რაოდენობა (22 915 ერთეული) კი Tesla-ს სხვა მოდელებზე გადანაწილდა. რაც შეეხება გაყიდვებს, ეს მაჩვენებელი, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 6.4%-ითაა გაზრდილი