Aa Aa
8 ოქტომბერი 2024  |  18:05

10 წლის ბიჭი, სათამაშო მოედანზე, მოპარული Hyundai-ის მართვისთვის დააკავეს

გავრცელებული ინფორმაციით, არასრულწლოვანი ავტომობილების ქურდობასთან კავშირისთვის 2-ჯერ დააკავეს, ეჭვმიტანილია 12 სხვა საქმეშიც. 

მოპარული Hyundai Sonata-ს მართვისთვის, მინესოტაში, სამართალდამცავებმა 10 წლის ბიჭი დააპატიმრეს. არასრულწლოვანი ავტომობილით სკოლის მახლობლად, სათამაშო მოედანზე გადაადგილდებოდა. და ეს არც პირველი შემთხვევაა, როდესაც ბრალდებული პოლიციამ მსგავსი საქმის გამო დააკავა. 

არასრულწლოვანს ბრალი მანქანის გაუფრთხილებლობით მართვისა და მოპარული ავტომობილის ფლობისთვის წარედგინა. თუმცა, სამართალდამცავების განცხადებით, მას მუქარასა და აგვისტოში, ავტომობილის მოპარვის მცდელობასაც ედავებიან. გავრცელებული ინფორმაციით, 10 წლის ბიჭი Kia-ს მძღოლ ქალს ცივი იარაღით დაემუქრა. 2023 წლის მაისიდან მოყოლებული, არასრულწლოვანი სულ მცირე 30 საქმესთან კავშირში ფიგურირებს. 

მაღალჩინოსნების ინფორმაციითვე, არასრულწლოვანი წარსულში სულ მცირე ორჯერაა დაკავებული და ეჭვმიტანილია 12 სხვა საქმეშიც. მათ შორისაა იარაღის გამოყენებით მუქარა და ავტომობილების ქურდობა. როგორც მედიასთან არასრულწლოვანის მშობელი აცხადებს, მას არ აქვს ინფორმაცია თუ როდის და რატომ დაიწყო მისმა შვილმა ავტომობილების მოპარვა. თუმცა იმასაც ამბობს, რომ 10 წლის ბავშვი მასზე უფროსი პირების მსხვერპლი გახდა. 

უახლეს კადრებში კი ჩანს, თუ როგორ მართავს არასრულწლოვანი მოპარულ 2013 წლის Hyundai Sonata-ს და თან ამას, ბავშვებით სავსე მოედანზე აკეთებს. კადრებში ჩანს ისიც, თუ როგორც ცდილობენ იქვე მყოფი მასწავლებლები ბავშვების სამშვიდობოს გამოყვანას. 

„გაუგებარია, როგორ შეიძლება 10 წლის ბავშვი ჩართული იყოს მსგავს ქმედებებში. 10 წლის ბავშვისთვის ციხე გამოსავალი არაა. სპეციალურმა სამსახურებმა უნდა იმოქმედონ სწორად, რათა ბავშვისა და მისი მშობლების ჩართულობით, სიტუაციის გამოსწორება შევძლოთ“, - დასძინა საქმის მთავარმა გამომძიებელმა. 

გაზიარება: