Honda-მ ელექტრომობილებზე მექანიკური გადაცემათა კოლოფი გამოცადა
ის, რაც Honda-ს ბევრი სხვა მაღალი რანგის ავტომწარმოებლისგან გამოარჩევს, მექანიკური გადაცემათა კოლოფის ხარისხია. და მაშინაც კი, როდესაც კომპანია, მისი კონკურენტების მსგავსად, შიგაწვის ავტომობილებიდან ელექტრომობილებზე გადასვლისკენ მიისწრაფვის, ამ სტატუსის დათმობას მაინც არ გეგმავს.
გასულ კვირას Honda-მ ახალი ტექნოლოგია წარადგინა, რომელიც მომდევნო თაობის 0 Series-ის ელექტრომობილებში უკვე გამოიყენა. როგორც ავტომწარმოებლის ინჟინრებმა გამოცემებთან დაადასტურეს, სინთეზური გადაცემათა კოლოფი - მათ შორის გადაბმულობის სატერფული და სხვა ნაწილები - სპეციალურად ელექტრომობილებისთვის შეიქმნა.
საინტერესოა, რომ Honda-ს აღმასრულებლები, მექანიკური გადაცემათა კოლოფის სამუდამოდ ამოღების შესახებ მოსაზრებებს ეჭვქვეშ წლების წინაც აყენებდნენ. ამის დასტური Honda-ს ხელმძღვანელ ტოშიჰირო მიბეს მიერ 2022 წელს გაკეთებული განცხადებაცაა: „არ ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენ, მექანიკური გადაცემათა კოლოფის შეცვლა შეგვიძლია. ხელოვნურად ამის გაკეთება შესაძლებელია, თუმცა მექანიკურად, ეს ადვილი არ იქნება“.
Honda-ს ახალ სინთეზურ მექანიკურ გადაცემათა კოლოფს ძრავის „ყალბი“ ხმა ექნება - ზუსტად ისეთი, როგორიც Hyundai Ioniq 5 N-ს აქვს. იაპონიაში გამართულ ბოლო ავტოგამოფენაზე კომპანიამ Honda e Digital UX Concept-იც გამოაჩინა, რომელსაც სპეციალური სისტემის საშუალებით, შეუძლია S2000-ის, NSX-ის, Civic Type R-ისა და თუნდაც HondaJe-ს ხმაც კი ჰქონდეს. CRX-ისა და Honda F1-ის მსგავსი ჟღერადობისთვის, მსურველებს, დამატებითი თანხის გადახდა მოუწევთ.
თუმცა ჯერ მხოლოდ ის ვიცით, რომ Honda-მ მექანიკური გადაცემათა კოლოფის მქონე 0 Series-ის ელექტრომობილი შექმნა. ამ ეტაპზე უცნობი რჩება, დაიწყებს თუ არა ავტომწარმოებელი ამ მოდელების სერიულ წარმოებას. მაგრამ ის ფაქტი, რომ Honda ამ მიმართულებით განვითარებას არ წყვეტს, მომავლის იმედს იძლევა.