ევროკავშირი, რეგულაციები, ჩინეთი, ავტოიმპორტი, ტარიფი
Aa
Aa

ჩინეთი ევროკავშირს ძვირად ღირებულ მანქანებზე ტარიფების ზრდით ემუქრება

ევროკავშირის რეგულაციების საპასუხოდ, ჩინეთის მთავრობა ახალი ზომების მიღებას გეგმავს. გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყნის მთავრობა, ევროკავშირიდან იმპორტირებულ ძვირად ღირებულ შიგაწვის ავტომობილებზე, მაღალი ტარიფების დაწესებას განიხილავს. 

ცნობისთვის, ჩინეთის მთავრობამ, „ანტიდეპინგური ზომების“ სახით შეზღუდვა ევროკავშირიდან შეტანილ კონიაკზეც დააწესა. ჩინეთის ვაჭრობისა და კომერციის სამინისტროს ინფორმაციით, ახალი რეგულაციები ძალაში პარასკევიდან შევა. შედეგად, ევროკავშირიდან იმპორტირებულ კონიაკზე ახალი ტარიფები 30.6%-39%-მდე განისაზღვრება. ჩინეთის მთავრობის შეფასებითვე, ახალი ზომები ქვეყანაში კონიაკის იმპორტს შეამცირებს, თუმცა მის შიდა წარმოებას გარე გავლენისგან დაიცავს. 

მსგავსი პოზიცია აქვთ ევროკავშირის ქვეყნებსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს. მათი თქმით, ჩინეთის დაბალფასიანი ავტომობილები საფრთხეს წარმოადგენს ადგილობრივი წარმოებისთვის, რადგან შიდა მწარმოებლებს არასამართლიან კონკურენტულ გარემოში უწევთ ოპერირება. ამით აიხსნება ჩინეთში წარმოებულ ავტომობილებზე ტარიფების ზრდაც. 

ჩინეთის ვაჭრობისა და კომერციის სამინისტროს განცხადებით, ქვეყნის მთავრობა „მტკიცედ ეწინააღმდეგება ევროკავშირის უსამართლო, შეუსაბამო და არაგონივრულ პროტექციონისტულ პრაქტიკას“. მათივე თქმით, ორგანიზაციის ქმედებები არღვევს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წესებს და მაღალი ტარიფების დაწესება, არსებულ გამოწვევებს ვერ მოაგვარებს. 

„ჩინეთი მიიღებს ყველა ზომას ჩინური კომპანიების ინტერესების დასაცავად“, - ამ სიტყვებით დაასრულა გამოსვლა ჩინეთის ვაჭრობისა და კომერციის სამინისტროს სპიკერმა. 

კონიაკი შესაძლოა ჩინეთის მთავრობის პირველი სამიზნე იყოს, თუმცა უკანასკნელი ნამდვილად არ იქნება. სამინისტროს წარმომადგენლის თქმით, ანტიდემპინგური და სუბსიდიის საწინააღმდეგო გამოძიებების ფარგლებში, შეზღუდვები ასევე შეიძლება შეეხოს რძისა და სხვა სახის პროდუქტების იმპორტს. მისივე განცხადებით, გამოძიება გრძელდება:„ჩინეთი სრულად დაიცავს ყველა დაინტერესებული მხარის უფლებებს და მიიღებს ობიექტურ და სამართლიან გადაწყვეტილებებს გამოძიების შედეგების საფუძველზე“. 

მაგრამ ეს ყველაფერი არაა: სამინისტროს სპიკერის განცხადებით, ჩინეთის მთავრობა ტარიფების ზრდას ძვირად ღირებულ შიგაწვის ავტომობილებზეც განიხილავს. როგორც იგი განმარტავს, ამ ზომებით ქვეყანას შიდა წარმოებისა და მრეწველობის უფლებებისა და ინტერესების დაცვა სურს.

მსგავსი აკრძალვა გავლენას ნამდვილად იქონიებს გერმანულ და იტალიურ ფირმებზე, რომელთაც ჩინეთში, მაღალი ხარისხისა და ძვირად ღირებული შიგა წვის ავტომობილები იმპორტზე გააქვთ. 

მსგავსი სიახლეები