Aa Aa
10 ოქტომბერი 2024  |  13:54

$1.5-მილიონიანი მიტოვებული სახლის ავტოფარეხში BMW E34 M5 იპოვეს

რამდენიმე დღის წინ, ერთ-ერთმა YouTube-არხმა, მიტოვებული სახლის ავტოფარეხში კლასიკური, BMW E34 M5 აღმოაჩინა. უცნობია, თუ როგორ მოხვდა ეს ავტომობილი აქ, ან რატომ არავინ ფლობდა მის შესახებ ინფორმაციას ამ დრომდე. და ამ შემთხვევაში, უფრო მეტად საინტერესოს ის ფაქტიც ხდის, რომ ავტომობილი არა რომელიმე სტანდარტული სახლის, არამედ $1.5 მილიონად შეფასებული სასახლის ავტოფარეხში იპოვეს. 

ავტოფარეხში ნაპოვნი შავი ფერის E34-ს სპილოსძვლისფერი ტყავის ინტერიერი აქვს. მანქანის კაპოტის ქვეშ BMW-ის ცნობილი 6-ცილინდრიანი S38 ძრავაა განთავსებული. საინტერესოა ისიც, რომ ამ მიტოვებულ BMW E34 M5-ს გერმანული სანომრე ნიშნები აქვს. 

View this post on Instagram

A post shared by BigBankz (@bigxbankz)

სამწუხაროდ, ამ ავტომობილს YouTube-არხის ვიდეოში მხოლოდ მცირე პერიოდით ვხვდებით. დანარჩენი დრო სრულად $1.5-მილიონიანი სახლის შესწავლას ეთმობა. თუმცა როგორც ვიდეოს შემქმნელები ამბობენ, ამ M5-ის მფლობელი ექიმი იყო, რომელსაც BMW-ის კლასიკურ მოდელთან ერთად, სხვა ძვირად ღირებული ავტომობილებიც ჰყავდა. ვიდეოდან ცნობილი ხდება ისიც, რომ ეს მანქანა ავტოფარეხში სავარაუდოდ 2008 წლიდან ინახება, მეზობლების მტკიცებით კი, მათ სახლის მეპატრონე ბოლოს 2015 წელს შეამჩნიეს. 

E34 M5-ის მოდელები 1988-1995 წლებში იწარმოებოდა, ამერიკის შეერთებულ შტატებში კი 1991-დან 1993 წლამდე იყიდებოდა. ავტომობილი 3.6-ლიტრიანი 6-ცილინდრიანი ძრავით იყო აღჭურვილი, 315 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა, მაბრუნი მომენტი კი - 360 ნიუტონ მეტრს აღწევდა. თუმცა გამონაბოლქვზე დაწესებული რეგულაციების გამო, ამერიკელებისთვის არც ამ მოდელის უნივერსალი ყოფილა ხელმისაწვდომი და არც განახლებული 3.8-ლიტრიანი ვერსია - 340 ცხენის ძალით. 

საინტერესოა, რომ მსგავსი შემთხვევები მდიდრებისთვის იშვიათობასაც არ წარმოადგენს. მიტოვებული ავტომობილები სახლებში ამ დრომდეც აღმოუჩენიათ. მათ შორის იყო მერი ჯეი ბლაიჯის სახლი, სადაც ხელუხლებელ მდგომარეობაში არსებული DMC DeLorean-ი იპოვეს. 

 

გაზიარება: