Mercedes S-Class-ში ბენზინზე მომუშავე ძრავებს 2030 წლის შემდეგაც ვიხილავთ
მაშინ, როდესაც ავტომწარმოებლები ელექტრომობილებზე გადასვლისკენ მიისწრაფვიან, არიან კომპანიები, რომლებიც გრძელვადიან პერიოდში, ბენზინსა და დიზელზე მომუშავე ავტომობილების შენარჩუნებასაც გეგმავენ. მსგავსი გადაწყვეტილება აქვთ მიღებული Mercedes-შიც. მიუხედავად იმისა, რომ უახლოეს მომავალში, ბაზარზე S-Class-ის ელექტროვერსიებიც გამოჩნდება, გერმანული ავტომწარმოებელი, როგორც ჩანს უარის თქმას არც ტრადიციულ ძრავებზე აპირებს.
Mercedes-ი S-Class-ის განახლებებს 2026 წელს წარმოგვიდგენს. მანამდე კი, კომპანიის წარმომადგენლები სამომავლო გეგმებზეც ღიად საუბრობენ. გერმანული ფირმის აღმასრულებელი დირექტორის, ოლა კელენიუსის განცხადებით, „ბრენდმა დიდი ინვესტიცია ჩადო ახალი შიგა წვის S-Class-ების განახლებაში, იმაზე მეტიც კი, ვიდრე სტანდარტულად ფეისლიფტზე იხარჯება“.
ბრიტანულ გამოცემა Autocar-თან საუბრისას, კელენიუსმა კიდევ ერთხელ ისაუბრა კომპანიის გეგმაზე, რომლის მიხედვითაც, ელექტრო S-Class-ებით, EQS-ის მოდელები უნდა ჩანაცვლდეს. რაც შეეხება ბენზინსა და დიზელზე მომუშავე ავტომობილებს, ისინი კვლავ კომპანიის გრძელვადიანი მიზნის ნაწილად რჩება. მსგავსი ტიპის ავტომობილები, სპეციალურად შიგა წვის ავტომობილებისთვის შემუშავებულ ბაზაზე შეიქმნება.
კელენიუსის შეფასებით, S-Class-ი ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ავტომობილია. იმავე ბაზაზე ელექტრო და შიგა წვის ვერსიების შექმნა კი, მომავალი თაობის მოდელებს დახვეწილ დიზიანსა და მდიდრულ იერსახეს შეუნარჩუნებს. თუმცა ელექტრომოდელებში ბენზინზე მომუშავე ძრავის განთავსების შემთხვევაში ინჟინრებს მანქანის სალონის ზომაში დაპატარავებაც მოუწევთ, რაც შესაძლოა, ბევრი მომხმარებლისთვის მიუღებელი აღმოჩნდეს.
აქედან გამომდინარე, Mercedes-ის გუნდი გეგმაზე მუშაობას განაგრძობს. კომპანიაში ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი კომპონენტი გახადონ თავსებადი მოდელის ორივე ვერსიისთვის, რაც მათ, ხარჯების შემცირებაშიც დაეხმარებათ. მაგრამ მათი მიდგომა რადიკალურად განსხვავებულია BMW-ის გადაწყვეტილებისგან, რომელმაც მეშვიდე სერიისა და i7-ისთვის, ერთი და იგივე ბაზა გამოიყენა.
გარდა ამისა, Mercedes-ში სურთ, რომ მათი შიგა წვის ძრავები შესაბამისობაში იყოს euro 7-ის რეგულაციებთან და პარალელურად, ერთ-ერთ ავტომწარმოებლად რჩება, იმ მცირე ჩამონათვალიდან, რომლებიც მომხმარებლებისთვის V12 ძრავის შეთავაზებას კვლავ განაგრძობენ.