პოლიცია, Tesla, Cybertruck, Tesla Cybertruck
Aa
Aa

Cybertruck-ის საპატრულო მანქანა ქუჩებში გამოჩნდა

Cybertruck-ი ყურადღებას ყოველთვის იპყრობს, რის გამოც, ამ სამუშაოსთვის ეს მოდელი შესაძლოა იდეალურიც კი აღმოჩნდეს. 

Cybertruck-ის პოლიციის ეკიპაჟში გამოჩენას ბევრი ელოდებოდა. ასეც მოხდა: Tesla-ს „ტანკი“ სამართალდამცავთა რიგებს შეუერთდა და ახლა, უკვე, ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტის ნაწილია. დასკვნების გამოტანა ჯერ ადრეა, თუმცა Cybertruck-ი ქუჩებში უკვე გამოჩნდა. 

ეს კონკრეტული მოდელი კალიფორნიის დეპარტამენტს ეკუთვნის. Cybertruck-ი პოლიციის მანქანისთვის აუცილებელი ყველა ინვენტარითაა აღჭურვილი: ხმოვანი სიგნალებით დაწყებული, მაფრთხილებელი ციმციმებით დასრულებული. ამას დამატებული კორპუსის დიზაინი, რაც მას ეკიპაჟის სრულუფლებიან წევრად აქცევს. ავტომობილზე Unplugged Performance-მა და Whelen Engineering-მა იმუშავეს. 

ABC 7-თან ინტერვიუში, Cybertruck-ის ავტოპარკში გაწევრიანებაზე დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ისაუბრა. მეთაურ კენტის განმარტებით, მსგავსი ტიპის მანქანები - იქნება ეს PT Cruiser-ი თუ Cybertruck-ი - ყოველთვის იქცევს გარშემომყოფთა ყურადღებას. მისივე თქმით, კალიფორნიის დეპარტამენტი მოხარულია, რომ Cybertruck-ი პირველად, სწორედ მათი ავტოპარკის რიგებში გამოჩნდა. 

თუმცა უფრო საინტერესო Cybertruck-ის ღირებულებაა. მოდიფიკაციების ჩათვლით, ავტომობილის ფასი $132 000-ს აღწევს - რაც საკმაოდ მაღალი ნიშნულია. შედარებით ხელმისაწვდომია PT Cruiser-ი, რომელიც $122 000 ჯდება. ბევრი მოქალაქის აზრით, პოლიციის ავტოპარკში მსგავსი ღირებულების ავტომობილების დამატება საჭიროებას არ წარმოადგენს და ამ ფაქტზე ზრუნვის ნაცვლად, სჯობს შესაბამისი უწყებები სხვა, უფრო მნიშვნელოვან საკითხებზე ფოკუსირდნენ. 

მოსახლეობის ნაწილი კი, დეპარტამენტის გადაწყვეტილებას დადებითაც აფასებს. მათი თქმით, ეს სწორედ ის ინვესტიციაა, რომელმაც სამომავლოდ, შესაძლოა დადებითი შედეგები გამოიღოს. მათ მსგავსად, Cybertruck-ის ავტოპარკში დამატებას ემხრობა დეპარტამენტის ხელმძღვანელი და აცხადებს, რომ მომავალში, ეს ავტომობილი მათ ბევრი გამოწვევის აღმოფხვრაში დაეხმარებათ. 

მსგავსი სიახლეები